ვაშინგტონის დროით 00:01 საათზე აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ შვიდი წლის შემდეგ პირველად შეწყვიტა მუშაობა. ამის მიზეზი სენატში წარდგენილი მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტია, რომელშიც საბიუჯეტო ხარჯებია გაწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული დაპირისპირება ამერიკულ პოლიტიკაში ხშირია, ხარჯების შესახებ ეს დავა განსაკუთრებით დაძაბულია.
„რესპუბლიკური პარტია“ აკონტროლებს როგორც წარმომადგენელთა პალატას, ისე სენატს. თუმცა მათ არ აქვთ სენატში მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა, რაც „დემოკრატიულ პარტიას“ გარკვეულ ბერკეტს აძლევს. რესპუბლიკელებს სენატში ამჟამად მხოლოდ 53 ადგილი აქვთ, კანონპროექტის დასამტკიცებლად, მათ კიდევ 7 ხმა სჭირდებათ.
დემოკრატების აზრით, ხარჯების შესახებ კანონპროექტი აშშ-ის მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას გაურთულებს. ისინი მოითხოვენ, რომ კანონპროექტში შევიდეს პუნქტი ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირების შესახებ. დემოკრატები ასევე ეწინააღმდეგებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრებისა(CDC) და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების(NIH) დაფინანსების შემცირებასაც.
„დემოკრატიულ პარტიაში“ ამბობენ, რომ საზოგადოება ამ საკითხით ძლიერადაა დაინტერესებული. თუმცა „რესპუბლიკური პარტია“ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მოსალაპარაკებელი არაფერია და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება გარდაუვალია.
„რესპუბლიკელები აშშ-ს მთავრობის მუშაობის შეჩერების პროცესში ითრევენ, უარს ამბობენ ორპარტიულ მოლაპარაკებებზე, გვაიძულებენ პარტიული კანონპროექტის მიღებას და, რაც ყველაზე უარესია, ამერიკის ჯანდაცვას საფრთხეში აგდებენ. რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკელებმა კიდევ ერთხელ თქვეს უარი ჩვენს წინადადებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან აცილებას, ჯანდაცვის დაფინანსების დარეგულირებასა და ამერიკელებისთვის ჯანდაცვის ხარჯების უეცარი ზრდისგან გამოწვეული კატასტროფის თავიდან აცილებას. რესპუბლიკელებმა ეს კვლავ დაბლოკეს“, – აცხადებს სენატის უმცირესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი.
რესპუბლიკელები მოლაპარაკების პროცესის შეფერხებაში დემოკრატებს ადანაშაულებენ.
„ბზარი ნელ-ნელა ჩნდება. მთავრობის მუშაობის გაგრძელებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკ შუმერი გვაიძულებს, მუშაობა შევწყვიტოთ, რის ფასსაც ამერიკელი ხალხი გადაიხდის. ეს ნამდვილად დემოკრატების, ჩაკ შუმერის დამსახურებაა. არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ეს უბრალოდ რყევის მცდელობაა. ერთ ტრილიონ დოლარს ითხოვს, ეს აბსურდია“, – აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ ბარასო.
ფედერალური მთავრობის მიერ მუშაობის შეწყვეტა ქვეყანაში ასობით ათასი დასაქმებულის არაანაზღაურებად შვებულებაში გაშვებასა და სამთავრობო სერვისების დროებით შეწყვეტას გამოიწვევს.
უკანასკნელად მთავრობამ მუშაობა 2018 წელს, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს შეწყვიტა და ის 35 დღეს გაგრძელდა.