შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსნებს, მათ შორის ასობით გენერალს, ვირჯინიის შტატში, ქუანტიკოს სამხედრო ბაზაზე მიმართა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ჰეგსეტმა თავის მიმართვა დაიწყო უძველესი რომაულ გამონათქვამით: „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. მან განმარტა, რომ ამერიკის სამხედრო დეპარტამენტს სახელი შეეცვალა და „ახლად აღდგენილი ომის დეპარტამენტის ერთადერთი მისიაა: ომებისა და გამარჯვებისთვის მზადება“.
თავდაცვის მდივანმა მოწინააღმდეგეებს გაფრთხილებით მიმართა, რომ თუ ისინი გააკეთებენ „სულელურ გამოწვევას“, მათგან პასუხი მიეცემათ „დაუძლეველი ძალითა და სიზუსტით“. ჰეგსეტმა ასევე თქვა, რომ განახლებული მიდგომა მოითხოვს ახალი ფიზიკური და სამხედრო სტანდარტების შემოღებას, რომლებიც სავალდებულო გახდება ყველა სამხედროსთვის.

მან ჩამოთვალა, რომ არმიას სჭირდება მეტი ჯარისკაცი, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი დრონები, მეტი Patriot–ის სისტემები, მეტი წყალქვეშა ნავი და მეტი B-21 ტიპის ბომბდამშენები.
ხაზი გაუსვა ინოვაციების მნიშვნელობასაც – ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, დრონსაწინააღმდეგო სისტემებისა და კოსმოსური შესაძლებლობების გაზრდას.
ჰეგსეტმა ბევრი ისაუბრა ომსა და მშვიდობაზე. თქვა, რომ მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია თანმიმდევრულად და სწრაფად მოემზადონ ომისთვის. „ომისთვის მზად უნდა ვიყოთ, არა იმიტომ, რომ გვინდა ომი, არამედ იმიტომ, რომ გვიყვარს მშვიდობა“, — თქვა თავდაცვის მდივანმა.
მისივე თქმით, მშვიდობის მიღწევა და შენარჩუნება მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი, რადგან „როგორც ისტორია გვასწავლის, ერთადერთი ხალხი, რომელიც რეალურად იმსახურებს მშვიდობას, არის ის, ვინც მზადაა ომისთვის მშვიდობის დასაცავად”.
„თამაშებისთვის დრო აღარ რჩება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. თუ ვაპირებთ ომის თავიდან აცილებასა და პრევენციას, ახლავე უნდა მოვემზადოთ. სწორედ ჩვენ ვართ მშვიდობა ძალის მეშვეობით ამ კონცეფციაში ძალა. ჩვენ ან ვართ მზად გასამარჯვებლად, ან არა”,- განმარტა ჰეგსეტმა.