უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ დონეცკის ოლქის მიმართულებით დობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაცია წარმატებით გრძელდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინულმა ჯარებმა უკვე გაათავისუფლეს 174 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია, 194 კვადრატულ კილომეტრზე მეტი კი რუსი დივერსანტებისგან გაიწმინდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას ისაუბრა. პრეზიდენტის ინფორმაციით, მხოლოდ ამ ოპერაციაში რუსეთის დანაკარგები თითქმის 3 200-ს შეადგენს.
„დობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაცია გრძელდება. მინდა ოპერაციაში ჩართულ ყველა ქვედანაყოფს, ეფექტურობისთვის მადლობა გადავუხადო. ოპერაციის დაწყებიდან ჩვენმა ძალებმა 174 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს და 194 კვადრატულ კილომეტრზე მეტი რუსული დივერსიული ჯგუფებისგან გაწმინდეს,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესების აუცილებლობაზე.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვანია – ჩვენ ველოდებით სანქციების მე-19 პაკეტს. მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი თავდაცვისა და საერთო თავდაცვის ინსტრუმენტების შესაქმნელად – რუსული დრონებისა და რაკეტებისგან თავდაცვისთვის გვჭირდება ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის ერთობლივი დაცვა. ზღვაში რუსეთის დესტრუქციული ქმედებების შეზღუდვა ასევე შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. თუ ტანკერები რუსეთის მიერ მართლაც გამოიყენება დრონების გასაშვებად, რომლებიც ევროპას აწუხებს, მაშინ ცხადია, დროა, ბალტიის ზღვა და სხვა ზღვები ამ ტანკერებისთვის დაიხუროს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.