„ტომაჰავკები“, რომლებიც აშშ-მ სამხედრო ოპერაციებში არაერთხელ გამოცადა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ფრთოსანი სარაკეტო სისტემაა, შესაძლებელია, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდეს. აშშ-დან უკვე ღიად გაისმა გზავნილები, რომ კიევს უფლება აქვს, შორ მანძილზე მოქმედი სისტემებით შეუტიოს კრემლს და ამ გზით შეაკავოს რუსული აგრესია.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინელებს ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა არასდროს მოუთხოვია. მათ სურდათ მხოლოდ „იარაღი და მისი გამოყენების ნებართვა“. ნებართვა, როგორც კელოგი ამბობს, მიღებულია.
„ვფიქრობ, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და რუბიოს ნათქვამიდან გამომდინარე, პასუხი დადებითია. გამოიყენეთ შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები. არ არსებობს ისეთი ადგილი, რომელიც დაცულ ზონად ჩაითვლება. ეს შეიარაღება ზუსტად ამ სიღრმისეული დარტყმის საშუალებას იძლევა. ეს მართლაც შესანიშნავი სისტემებია. ამერიკა მსოფლიოში საუკეთესო სისტემებს აწარმოებს“, – ამბობს კიტ კელოგი.
რაც შეეხება „ტომაჰავკებს“… კიევისთვის თანამედროვე და შორ მანძილზე მოქმედი სისტემების გადაცემაზე საუბარი რომ ამ მომენტშიც გრძელდება, „ფოქს ნიუსის“ ეთერში დაადასტურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ევროპის ქვეყნების არაერთი საკითხი განიხილება. ევროპა რომ უფრო მეტადაა დაინტერესებული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრით, ეს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის შედეგია.
„თქვენ იკითხეთ Tomahawk-ებთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატების ინტერესებშია. ეს არის მისი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით. Tomahawk-ების შესახებ პრეზიდენტი ისაუბრებს. ამ საკითხს სწორედ ახლა განვიხილავთ“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს.
„ტომაჰავკი“, რომლის მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია, მსოფლიოში ერთ-ერთი უზუსტესი იარაღია. მისი მიღების შემთხვევაში გაიზრდება უკრაინის სამხედრო ძალა. ამ მომენტისთვის უკრაინას შორ მანძილზე ძირითადად დრონებით მიაქვს იერიშები. უკრაინა მეთოდურად ანადგურებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამამუშავებელ თუ სხვა ობიექტებს, რაც აისახება ფრონტის ხაზზე რუსული იერიშების ტემპზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოლოდინშია.
„ველოდებით შეერთებული შტატების მხრიდან მკაცრ ნაბიჯებს. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, თუ რამ შეიძლება რეალურად უბიძგოს რუსეთს, შეცვალოს თავისი პოზიცია და შეაჩეროს ომი. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომლებითაც შეუძლია, ნამდვილად მიაღწიოს მშვიდობას. დღეს ვესაუბრე ფინეთის პრეზიდენტს და მადლობა გადავუხადე მას მხარდაჭერისთვის. ჩვენ კოორდინირებული კონტაქტები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკასთან. მნიშვნელოვანია, რომ თანდათანობით გადავიდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო მიღწევას ითვალისწინებს. ეს იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს ამ ომის დასრულებასა და რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავებას“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
გამოჩნდება თუ არა „ტომაჰავკები“ უკრაინელი სამხედროების შეიარაღებაში, უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამ იარაღის მიღებით უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფარვის ზონაში არაერთი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო ობიექტი მოექცევა.