პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამტკიცებს, რომ ევროპა უკვე ომშია რუსეთთან — „ახალი ტიპის ომში“.
ტუსკი დასავლეთის ლიდერებს მოუწოდებს, საფრთხის მასშტაბი გააცნობიერონ. მისი თქმით: „ჩვენ ეს არ გვინდოდა, ეს უცნაური ომია. ახალი ტიპის, მაგრამ მაინც ომია. მთავარი ამოცანაა, მთელმა ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ გააცნობიეროს ეს.“
მსგავსი შეფასება გააკეთა დიდი ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის (MI5) ყოფილმა ხელმძღვანელმა ელიზა მენინგემ-ბულერმა.
მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკვე შეიძლება ომში იმყოფებოდეს რუსეთთან, რადგან მასობრივი კიბერშეტევები, საბოტაჟის მცდელობები და ფარული ოპერაციები სწორედ მოსკოვს უკავშირდება. მენინგემ-ბულერის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს — კიბეროპერაციებს, დეზინფორმაციასა და ფარულ თავდასხმებს, რაც დასავლეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
მოსკოვი, თავის მხრივ, გამუდმებით უარყოფს კავშირს საბოტაჟთან და ამტკიცებს, რომ რუსული დრონები და სამხედრო თვითმფრინავები ნატოს საჰაერო სივრცეში არ შემოფრენილან. მეტიც, კრემლი დასავლეთის ქვეყნებს პროვოკაციებში ადანაშაულებს და ღია მუქარებსაც გამოთქვამს.
დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს არავისთან სჭირდება ომი, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდება, არსებობს ფატალური შემთხვევების საფრთხე — აქვე მან მასობრივი განადგურების იარაღზეც გაამახვილა ყურადღება.
ცოტა უფრო ადრე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა.
