ტელეკომპანია ABC-მ ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ეთერში დააბრუნა. „არასდროს მქონია განზრახვა, მსუბუქად მომეხსენიებინა ახალგაზრდა კაცის მკვლელობა. არ მჯერა, რომ ჩარლი კირკის მკვლელი ვინმეს წარმოადგენს. ეს იყო ავადმყოფი ადამიანი, რომელმაც იფიქრა, რომ ძალადობა გამოსავალია – ეს კი არასდროსაა სიმართლე“, – განაცხადა ჯიმი კიმელმა ეთერში დაბრუნების შემდეგ.
ABC-მ ჯიმი კიმელის შოუ განუსაზღვრელი ვადით მას შემდეგ შეაჩერა, რაც კომიკოსმა ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ გადაცემაში განაცხადა, რომ MAGA ყველაფერს აკეთებს კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობიდან პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. ამასთან, მან გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების დროშების ნახევრად დაშვება კირკის ხსოვნის პატივსაცემად და იხუმრა დონალდ ტრამპის რეაქციაზე.
„არ მაქვს ილუზია, რომ ვინმეს აზრს შევცვლი, მაგრამ მინდა, ერთი რამ ნათლად ვთქვა, რადგან ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია – მინდა გაიგოთ, რომ არასდროს მქონია განზრახვა, მსუბუქად მომეხსენიებინა ახალგაზრდა კაცის მკვლელობა. ამაში სასაცილო არაფერია.
იმ დღეს, როცა ჩარლი კირკი მოკლეს, ინსტაგრამზე წერილი გამოვაქვეყნე – მისი ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატე, სხვებსაც ამისკენ მოვუწოდე და ეს გულწრფელად გავაკეთე. დღესაც იგივე პოზიცია მაქვს. ამასთან, არასდროს მქონია განზრახვა, კონკრეტული ჯგუფისთვის დამებრალებინა ის, რაც აშკარად საშინელმა ადამიანმა ჩაიდინა. სინამდვილეში, ჩემი სათქმელი ამის საპირისპირო იყო. მაგრამ მესმის, რომ ზოგიერთისთვის ეს შეიძლება უდროოდ ან გაუგებრად ჟღერდა – ან ორივე ერთად.
მე მყავს მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებიც პოლიტიკური თვალსაზრისით სხვა მხარეს დგანან. მე ისინი მიყვარს და მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებით. არ მჯერა, რომ ჩარლი კირკის მკვლელი ვინმეს წარმოადგენს. ეს იყო ავადმყოფი ადამიანი, რომელმაც იფიქრა, რომ ძალადობა გამოსავალია – ეს კი არასდროსაა სიმართლე.
მნიშვნელოვანია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ასეთი შოუ არსებობდეს. მქონია შესაძლებლობა, შევხვედროდი კომიკოსებს და წამყვანებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა რუსეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ისინი მეუბნებოდნენ, რომ მათ ქვეყნებში თუ იუმორით შეეხები ხელისუფლებას, ან ციხეში ჩაგსვამენ, ან უარესიც შეიძლება მოხდეს. ისინი ზუსტად სიტყვის თავისუფლებას აფასებენ ყველაზე მეტად ამერიკაში.
ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უნდა, მე და ასობით ადამიანმა, რომლებიც აქ მუშაობენ, სამსახური დავკარგოთ. ჩვენი ლიდერი ზეიმობს, როცა ამერიკელები სამსახურის გარეშე რჩებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხუმრობას ვერ იტანს. მან მოახერხა სტივენ კოლბერის CBS-დან გათავისუფლება. შემდეგ მე დამიმიზნა. ახლა კი ღიად მოუწოდებს NBC-ის, გაათავისუფლოს ჯიმი ფელონი და სეთ მაიერსი და ასობით ამერიკელი, ვინც მათ გადაცემებზე მუშაობს და მილიონებს არ გამოიმუშავებს. იმედი მაქვს, თუ ეს მოხდება, ან თუნდაც ამის მცირე ნიშანი იქნება, თქვენ ათჯერ უფრო ხმამაღლა ისაუბრებთ, ვიდრე ამ კვირაში მოხდა“, – განაცხადა ჯიმი კიმელმა.
ჯიმი კიმელის შოუს ეთერში დაბრუნებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ტელეკომპანია ABC-ის „ფეიკ ნიუსი“, თავად ჯიმი კიმელს კი, უნიჭო უწოდა. მისივე განცხადებით, ჯიმი კიმელი დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთი ინსტრუმენტია და ამასთან დაკავშირებით ABC-ის „გამოცდიან“.