რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოზეც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიოს შეახსენა ის, თუ როგორ გულგრილად მოეკიდნენ წარსულში საქართველოზე რუსულ თავდასხმას.
მან ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებებისა და მმართველობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ქვეყანაში, რომელიც, მისი თქმით, რუსეთზე დამოკიდებულია. ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიოს, იგივე შეცდომა არ გაიმეორონ მოლდოვის შემთხვევაში, რაც მანამდე ბელარუსისა და საქართველოს შემთხვევაში დაუშვეს.
„ხანგრძლივმოქმედი სამხედრო ორგანიზაციის წევრობა არ ნიშნავს ავტომატურ უსაფრთხოებას. სულ ახლახან, რუსულმა დრონებმა დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე, ესტონეთმა კი ამის გამო ისტორიაში პირველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს მოლდოვაც, ამაზე კი გლობალური პასუხი არაა საკმარისი.
ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში. ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს ევროპული მოწყობა იქ თანდათან ქრება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. წლების განმავლობაში ბელარუსი ასევე მიიწევდა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. ევროპამ არ უნდა დაუშვას, რომ მოლდოვაც დაკარგოს.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, თუ ერთხელ უკვე როგორ უგულებელყო მსოფლიომ საქართველოს დახმარების საჭიროება რუსული თავდასხმის შემდეგ და როგორ გაუშვეს შესაძლებლობა ხელიდან ბელარუსის შემთხვევაში. მოლდოვა არ უნდა დაიკარგოს, ამას კიდევ უფრო მეტი ფასი ექნება ევროპისთვის”, -აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.