მთავარიაზიაღაზასაფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა გენერალურ ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, ის გმობს „ჰამასის“ ქმედებებს და ისრაელელი მძევლები უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ.

„7 ოქტომბერს „ჰამასის“ ბარბაროსობამ და მათ, ვინც ამ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდა, ისრაელი და მსოფლიო შოკში ჩააგდო. 7 ოქტომბერი არის ჭრილობა, რომელიც დღემდე სტკივა ისრაელს. ჩვენ ვგმობთ მას ყოველგვარი დათქმის გარეშე, რადგან არასდროს, არსად, არაფერი ამართლებს ტერორიზმს. ადამიანები, რომლებიც 7 ოქტომბერს ემსხვერპლნენ და მათი ოჯახები ჩვენს ფიქრებში არიან. თანავუგრძნობთ ისრაელს და უპირველეს ყოვლისა მოვითხოვთ, რომ „ჰამასის“ მიერ ჯერ კიდევ დაკავებული ყველა მძევალი უპირობოდ გათავისუფლდეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

თუმცა პრეზიდენტი მაკრონი ამბობს, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

„არაფერი ამართლებს ომის გაგრძელებას ღაზაში, არაფერი. პირიქით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის საბოლოოდ უნდა დასრულდეს. დასრულდეს ახლავე, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. სწორედ ამიტომ ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართ, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება „ისტორიულ ნაბიჯად“ შეაფასა და მოუწოდა ქვეყნებს, ეს პოზიცია „კონკრეტული და გადამწყვეტი ქმედებებით“ გაამყარონ.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფიციალურად განცხადებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აპლოდისმენტები მოჰყვა. ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინის აღიარების პროცესს გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია, პორტუგალია, მალტა, ბელგია და ლუქსემბურგი უერთდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend