მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში იმყოფებიან, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია მიმდინარეობს.
გაეროს ტრიბუნის მიღმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები პირისპირ შეხვედრებსაც მართავენ.
მოლაპარაკებები გამართეს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს კიევის სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას, ხოლო კრემლის ფართომასშტაბიანი ომი მალე დასრულდება:
„ვიცით, რომ ამ ომის გამო რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ზეწოლა და უფრო მეტი სანქცია. ვიმედოვნებ, ეს ზომები პირველ რიგში მიღებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან.
ბატონო პრეზიდენტო, მე მხარს ვუჭერ თქვენს იდეას და მინდა ამის განხილვა – როგორ შევაჩეროთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და როგორ წავართვათ მათ საშუალება, შეისყიდონ რუსული გაზი და ნავთობი.
მე ვესაუბრე სლოვაკეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ვფიქრობ, მათ ალტერნატიული გზები სჭირდებათ და მაშინ მხარს დაუჭერენ ამ იდეას. არ ვარ დარწმუნებული, რომ უნგრელები დასთანხმდებიან ამ აზრს, მაგრამ სამომავლოდ ვნახავთ, რა იქნება“.
მოგვიანებით, თეთრი სახლის ლიდერმა მედიის კითხვებსაც უპასუხა. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში „დიდი წინსვლაა“, რადგან „რუსული ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია“.
აშშ-ის პრეზიდენტი მართებულად თვლის, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, თუკი ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეაღწევენ. ჟურნალისტის კითხვაზე – დაუჭერს თუ არა მხარს ნატოელ მოკავშირეებს, ტრამპმა უპასუხა, რომ „გარემოებებს გააჩნია“, თუმცა დასძინა, რომ მტკიცედ დგას ნატოს გვერდში.
