კატეგორიები

„ღაზა უნდა აღდგეს“- ევროკავშირი ღაზის რეკონსტრუქციისთვის დონორთა ჯგუფს შექმნის

„ღაზა უნდა აღდგეს“- ევროკავშირი ღაზის რეკონსტრუქციისთვის დონორთა ჯგუფს შექმნის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეიქმნება დონორთა ჯგუფი, რომელიც ღაზის რეკონსტრუქციის ხარჯებს დააფინანსებს. ამის შესახებ მან გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ერთადერთი რეალური სამშვიდობო გეგმა ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება და იგი უსაფრთხო ისრაელს, სიცოცხლისუნარიან პალესტინის სახელმწიფოს და „ჰამასის“ საფრთხის მოხსნას მოიცავს. „ღაზა უნდა აღდგეს, პალესტინის ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს, და გთავაზობთ, ამაში ყველა ერთად ჩავერთოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„როცა ღამე ყველაზე ბნელია, სწორედ მაშინ უნდა მოვეჭიდოთ ჩვენს კომპასს და ეს კომპასი ორი სახელმწიფოს პრინციპია. 7 ოქტომბერს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი თავი დაიწყო. ყველა ვთანხმდებით, რომ ღაზაში ტრაგედია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი გათავისუფლდეს, მაგრამ ომის დასრულება შესაძლოა საკმარისი არ იყოს, თუ მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ იქნება.

ორი სახელმწიფოს პერსპექტივა რეალისტური რომ აღარ იყოს, დაუშვებელია, რადგან ერთადერთი რეალისტური სამშვიდობო გეგმა სწორედ ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება: უსაფრთხო ისრაელი, სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფო და „ჰამასის” საფრთხის მოხსნა. ომის დაწყების შემდეგ ევროპა პალესტინის ავტონომიის სასიცოცხლო რგოლად იქცა. ჩვენ შევქმენით უნიკალური და უპრეცედენტო ფინანსური პაკეტი 1.6 მილიარდი ევროს ოდენობით, მაგრამ დღეს, როცა პალესტინის ავტონომიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ.

ამიტომაც ვქმნით დონორთა ჯგუფს პალესტინისათვის. პალესტინის მომავალი სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც. და ამის მიღწევა პალესტინელთა მეზობლების მხარდაჭერითაც შეიძლება. ჩვენ, ევროპელები, სხვა დონორებთან ერთად შევქმნით სპეციალურ ინსტრუმენტს ღაზის რეკონსტრუქციისათვის.

ღაზა უნდა აღდგეს, პალესტინის ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს, და გთავაზობთ, ამაში ყველა ერთად ჩავერთოთ. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, მხოლოდ ისრაელსა და პალესტინელებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მომავლის გზაზე, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ამაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, შეგვიძლია აღვადგინოთ, და რაც მთავარია, იმედი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები