უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ რუსეთის 191 იერიში მოიგერიეს. ყველაზე აქტიური საბრძოლო შეტაკებები კვლავ დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზე – დასახლება პოკროვსკთანაა. ფრონტის მხოლოდ ამ მონაკვეთზე უკრაინელმა სამხედროებმა 49 რუსული შეტევა უკუაგდეს. და ამ ფონზე კიევი ლოგისტიკური ოპერაციებისა და საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად სულ უფრო მეტად იყენებს უპილოტო რობოტულ სისტემებს.
„ფრონტის ხაზთან მისასვლელი გზები აფეთქებული ტექნიკის ნამსხვრევებითაა მოფენილი. ყველა მიმართულებიდან მსგავსი ვითარებაა… ბრძოლის ველზე ერთმანეთის მიყოლებით ათეულობით საბრძოლო დაპირისპირებაა, ლოგისტიკური მომარაგების გზები ამ დროს მნიშვნელოვანი სამიზნე ხდება… ასეთ ინტენსიურ ცეცხლში ტყვია-წამლით, სხვა საბრძოლო მასალითა და საკვებით მომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახლა ხმელეთიდან რადიოსიგნალით მართვად პლატფორმას FPV-დრონების პოზიციებისთვის საჭირო ტვირთით ვავსებთ. აქაა საბრძოლო მასალა, საწვავი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს პოზიციებზე მივიტანთ“, – ამბობს „აკიმი“, უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-20 ბრიგადის – „ლიუბარტის“ მებრძოლი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის მიერ რობოტული პლატფორმების მასშტაბურად გამოყენებამ შესაძლოა პროგრესს შეუწყოს ხელი. ზოგიერთი სამხედრო მეთაური თვლის, რომ ტექნოლოგია განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. თუმცა მიაჩნიათ, რომ მალე მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ომში, რომელშიც საბრძოლო მოქმედებების ხასიათი დრამატულად შეიცვალა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
სახმელეთო რობოტები მინიბრონირებულ მანქანებს ჰგვანან — ხშირად მუხლუხებივით გადაადგილდებიან, თითქოს მინიატიურული ტანკებია. სამხედრო ფერებში შეღებილი სისტემები ნელა მოძრაობენ ნანგრევებზე ან მიწაყრილებზე. ისინი შექმნილია იმისათვის, რომ ისეთი რელიეფი გადალახონ, რომელიც ჯარისკაცებისთვის ძალიან სახიფათოა. რობოტული სატრანსპორტო საშუალებების უმრავლესობა უკრაინულ კომპანიებს ეკუთვნის. ფასი, ზომისა და შესაძლებლობების მიხედვით, დაახლოებით 1 000-იდან 64 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. ასეთ სისტემებს არაერთი უკრაინული ბრიგადა იყენებს უკვე, თუმცა არის ისეთი დანაყოფები, რომლებიც ყველაზე ხშირად მიმართავენ რობოტულ სისტემებს.
რობოტული სისტემა მუდმივ მოდიფიცირებას საჭიროებს. უკრაინელი სამხედროები ცდილობენ, დამატებითი ჯავშანი მოიგონონ ახალი პლატფორმებისთვის, იქნება ეს დრონებისგან თავდაცვა თუ ნაღმების საწინააღმდეგო საშუალებების დამონტაჟება. ისინი ბრძოლის ველზე ეძებენ რობოტების დაცვის გზებს, შემდეგ კი მწარმოებლებს აწვდიან ინფორმაციასა და შეფასებებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ტექნოლოგია ომში.
