უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის არმიამ სამხედრო იერიში მიიტანა. დრონებით შეტევის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაიწვა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სუმიზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსულმა სამხედროებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს დნეპროპეტროვსკის რეგიონშიც. 20 სექტემბერს დნეპროპეტროვსკის მცხოვრები ირინა დილით ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მის საცხოვრებელ სახლს ბომბი დაეცა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული საჰაერო იერიშების შედეგად, 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ იერიში დილის საათებში დაიწყო.
უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთმა საჰაერო იერიშები უკრაინის ცხრა რეგიონზე მიიტანა, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 619 დრონი და რაკეტა გაუშვა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 552 დრონის, ორი ბალისტიკური რაკეტისა და 29 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება და განეიტრალება შეძლეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მკაცრი სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელიც რუსული ომის ეკონომიკას შეზღუდავს. მისი თქმით, სანქციების გვერდის ავლის ყველა გზის გადაკეტვაა საჭირო.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ის დასავლელ პარტნიორებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდება, იგეგმება შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.