მთავარიაზიაღაზაპალესტინის სტატუსი

პალესტინის სტატუსი

პალესტინის სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა იზრდება. დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ გენერალური ასამბლეის ფარგლებში  პალესტინა, როგორც სახელმწიფო, ფორმალურად აღიარეს.

ერთი მხრივ, სიმბოლური ნაბიჯი სერიოზული დიპლომატიური გარდატეხაა, კონკრეტულად კი მსოფლიო პოლიტიკაში იმ სახელმწიფოების მნიშვნელობის გამო, რომლებმაც ეს ისტორიული ნაბიჯი გადადგეს. საუბარია დიდი შვიდეულის ქვეყნებზე, რომელთა ლიდერებსაც სწამთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საფუძველი მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტილი დავაა, რომელთაგანაც ერთი ისრაელი, მეორე კი პალესტინაა.

„ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ მშვიდობას, ეს სურს ბრიტანელ ხალხსაც – „ჰამასი” სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა და ეს გადაწყვეტილება არ აჯილდოებს მათ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „ჰამასს” არ აქვს მომავალი, არ აქვს როლი მთავრობაში. ამასთან, ისრაელის  მთავრობის მიერ  ღაზის ინტენსიური დაბომბვა, იქ არსებული შიმშილი, ნგრევა – მიუღებელია.

მოვუწოდებ ისრაელის მთავრობას, მოხსნას მიუღებელი შეზღუდვები საზღვართან და დაუშვას ანკლავში დახმარების შესვლა, მოვუწოდებთ მათ, შეაჩერონ ეს მავნე ტაქტიკა. ორი სახელმწიფოს პრინციპით საკითხის გადაჭრის იმედი ნელ-ნელა ქრება, ამიტომაც ვქმნით კონსენსუსს მშვიდობის ჩარჩოში. დღეს ამ იმედის გადასარჩენად დიდი ბრიტანეთი ფორმალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ჩვენ ისრაელი 75 წლის წინ ვაღიარეთ, როგორც ებრაელი ხალხის სამშობლო, ახლა კი ვუერთდებით იმ 150 ქვეყანას, ვინც აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.

ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის უკეთესი მომავალი არსებობს. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სიძულვილზე და მთელი ძალით ვებრძოლოთ მას”, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.

იმავე ნაბიჯისთვის ემზადება პარიზიც, რომელმაც პალესტინის აღიარების შესახებ ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა. ვიდრე ემანუელ მაკრონი ამ სიტყვებს გაეროს ტრიბუნაზე წარმოთქვამს, საფრანგეთში მის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმნენ ადგილობრივი მთავრობები, რომლებმაც პალესტინის დროშა მუნიციპალურ შენობებზე გამოფინეს. საფრანგეთის გარდა იმავეს აპირებენ ბელგია და ესპანეთი, თუმცა განსაკუთრებული რეზონანსი ამ საკითხს სწორედ საფრანგეთში აქვს. ცნობილი ფრანგი საზოგადო მოღვაწეები ქვეყნის პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმამდე კონკრეტული პირობების გაჟღერებას სთხოვენ, კერძოდ იმას, რომ გათავისუფლდნენ ისრაელელი მძევლები და „ჰამასი”, როგორც ორგანიზაცია დაიშალოს.

„მინდა გითხრათ, რომ სხვების მსგავსად 7 ოქტომბრის ტერორისტულმა თავდასხმამ  ჩვენც შეგვაძრწუნა და ეს არ დაგვივიწყებია, თუმცა ასევე არ გვავიწყდება მუდმივი დაბომბვის ფონზე მცხოვრები მოსახლეობა ღაზაში, ვისაც  არ აქვს წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე. რაც საფრანგეთს სურს, ესაა – დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების უყოყმანო გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ღაზაში,  ხვალინდელი დღე „ჰამასის” გარეშე. გვსურს განახლებული პალესტინა სკოლებით, რომლებიც არ ასწავლიან ზიზღს, გვსურს პირობები, რომლებიც მშვიდობის საშუალებას გააჩენს. რაც გვსურს, ესაა ორი სახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მშვიდად იარსებებენ. ისრაელის სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და პირიქით”, – აღნიშნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ეს განცხადებები განსაკუთრებით აღიზიანებს ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საკითხს ღიად არ დატოვებს და მისი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებს პასუხს გასცემს. ისრაელის ლიდერი დასავლელი პარტნიორების მიმართ საკმაოდ ხისტი იყო, მას ზურგს პირადად აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უმაგრებს, რომელმაც სულ ახლახან, დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ იზიარებს სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის აღიარებას. მანამდე ის ამბობდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა. ისრაელში ამბობენ, რომ დასავლელი ლიდერების პოლიტიკური საჭიროებების გამო ქვეყანა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას არ აპირებს და პასუხი იქნება.

„მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, ვინც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. 7 ოქტომბრის სასაკლაოს შემდეგ თქვენ უდიდესი ჯილდო არგუნეთ ტერორისტებს. კიდევ ერთი გზავნილი მაქვს – ეს არ მოხდება! იორდანიის დასავლეთით  პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს! წლებია, ხელს ვუშლიდი ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, უდიდესი ზეწოლის ფონზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ კონკრეტული მიზნითა და პოლიტიკური სიბრძნით. დიახ, ჩვენ გავაორმაგეთ ებრაელთა დასახლებები იუდეასა და სამარიაში და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ გვერდით  ტერორისტული სახელმწიფოს დამკვიდრების შესახებ ბოლო მცდელობებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ვუპასუხებ – მზად იყავით. ჩვენ გვექნება ბრძოლა გაეროშიც და ყველა სხვა არენაზეც ამ მცდარი პროპაგანდის წინააღმდეგ. პალესტინის აღიარება საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს არსებობას და აბსურდულ ჯილდოს წარმოადგენს ტერორისტებისთვის”, – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

პალესტინის სტატუსის ირგვლივ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე – ტერიტორიული საკითხი. კერძოდ, რა გეოგრაფიულ საზღვრებს გულისხმობენ ქვეყნები, როდესაც პალესტინის სახელმწიფოზე საუბრობენ. მით უმეტეს იქ, სადაც არსებობს ისრაელი, ამ მიწაზე საკუთარი პრეტენზიებით. მიუხედავად ბუნდოვანებისა,  გადაწყვეტილებას დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში დადებითად ხვდებიან. პალესტინის მთავრობა იმედოვნებს, რომ პროცესს დომინოს პრინციპი ექნება.

„იმის რწმენა, რომ რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება პალესტინის  დამოუკიდებელი სახელმწიფოს მატერიალიზების გარეშე მოხდება – უბრალოდ ილუზიაა. ნათელია, რომ პალესტინის აღიარება მშვიდობის წინაპირობაა და არა მისი პროდუქტი. ის უნდა აღიარონ, რათა მშვიდობის დღის წესრიგმა წინ წაიწიოს. თუ საერთაშორისო საზოგადოება მათ აპართეიდისა და ანექსიის გეგმის განხორციელების საშუალებას დაუსჯელად მისცემს,  ეს იქნება დარტყმა საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებზე, წესებზე დამყარებულ წესრიგზე“, – თვლიან პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პალესტინის სტატუსს აღიარების პარალელურად ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე განახლებული შეტევის ფონზე, პალესტინელები ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლას განაგრძობენ. შიმშილის პირას მყოფ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა კვლავ პრობლემურია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend