ისრაელში, ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს, მომიტინგეებმა მსვლელობა გამართეს. მათ ომის დასრულება და მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს. პარალელურად ისრაელი განაგრძობს მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ქალაქ ღაზაში, რამაც, გაეროს მონაცემებით, თითქმის 250 000-ზე მეტი პალესტინელი კიდევ ერთხელ აქცია იძულებით გადაადგილებულ პირად.
„მარტო ვერაფერს გავხდებით და სახლში დარჩენაც არ შეგვიძლია. რამე უნდა ვიღონოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვსულიყავით აქ, ღაზის სექტორთან ახლოს, რომ შევეწინააღმდეგოთ იმ საშინელ გენოციდს, რომელსაც ათასობით ადამიანი ეწირება. არც კი ვიცი, რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ამ ყველაფერს“, – აცხადებს აქციის მონაწილე, ბარაკ ტიამანი.
ბოლო მონაცემებით, ქალაქ ღაზაზე შეტევის მიუხედავად, ქალაქში, რომლის უმეტესი ნაწილი ისრაელის რეიდებისა და საბრძოლო მოქმედების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა, ჯერ კიდევ რჩება ასობით ათასი ადამიანი.
„მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, რამე მოიმოქმედონ. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ყველას თვალწინ ხდება, რამე უნდა ვიღონოთ. მსოფლიომ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე აქამდე აკეთებდა, რათა შეჩერდეს ეს ომი“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ონეგ ბენდრორი.
2023 წლის ოქტომბერს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ 460 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, ომს 65 141 პალესტინელი ემსხვერპლა.
გაეროს სააგენტოებისა და მრავალი დამოუკიდებელი ექსპერტისთვის ეს მონაცემები, რომლებიც ომის მიმდინარეობისას დანაკარგს აღნუსხავს, ყველაზე სანდო წყაროა. თუმცა მასში არ არის მითითებული, დაღუპულებს შორის რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ან მებრძოლია.
„ჰამასის“ წარმომადგენლებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაახლოებით 1200 ისრაელელი მოკლეს, 251 კი გაიტაცეს. ბოლო მონაცემებით, ღაზაში ამ დროისთვის, 48 მძევალია, რომელთაგან დაახლოებით 20, როგორც ისრაელი მიიჩნევს, ჯერ კიდევ ცოცხალია. დანარჩენები ცეცხლის შეწყვეტის ან სხვა შეთანხმებების შედეგად გაათავისუფლეს.
სამშაბათს, 16 სექტემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ისრაელი ღაზის მოსახლეობას გენოციდს უწყობს.