დრონებმა რომ ფრონტზე ვითარება დრამატულად შეცვალეს, უკვე ყველასთვის ცნობილია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფრონტზე უპილოტო სისტემების უამრავი მოდიფიკაცია გამოჩნდა. საბრძოლო პლატფორმებს ავითარებს მოსკოვიც, თუმცა კიევი ოკუპანტ ქვეყანას არ ჩამორჩება.
ერთ-ერთი ასეთი უპილოტო სისტემაა კვადროკოპტერი, რომელიც ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული შეიარაღებაა, თუმცა მას რუსმა სამხედროებმა სლავური ზღაპრებიდან ცნობილი ჯადოქრის სახელი – „ბაბა იაგა“ შეარქვეს. იარაღის უკრაინელი მწარმოებლები კი მას „არ-34-ს“ უწოდებენ. როგორც ამბობენ, ის ისეთივე სიზუსტით გამოირჩევა, როგორითაც სნაიპერული შაშხანა.
უკრაინული კვადროკოპტერი „არ-34“, როგორც ამბობენ, მედეგია რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიმართ. მას შეუძლია, 20 კილომეტრზე მეტ მანძილზე იფრინოს და 6 კილოგრამი მართვადი ასაფეთქებელი საშუალებებით დააზიანოს სამიზნე. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრება ჯერ კიდევ არაა ახლო პერსპექტივა, დასავლელმა მოკავშირეებმა ალტერნატიულ გზას მიმართეს. ისინი კიევს სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერებაშიც ეხმარებიან. უკრაინაშიც კარგად ესმით, რომ თავდაცვის ძალების მომარაგება ყველაზე ეფექტიანად საკუთარი შეიარაღებითაა შესაძლებელი.
„ამჟამინდელი შეფასებით, ვერ ვიტყვი, რომ ეს მონაცემი აბსოლუტურად ზუსტია, თუმცა მაინც ასეა: შიდა ყოველწლიური წარმოების მოცულობა 30–40 მილიარდ აშშ დოლარს შორის მერყეობს. ეს მკვეთრად განსხვავდება 2022 წლისგან, როდესაც რიცხვი ერთნიშნა იყო. გვჯერა, რომ საუკეთესო გარანტია არის არა ის, დაეყრდნო ვინმეს კეთილ ნებას, რომ დაგიცავს, არამედ შესაძლებლობა, დაიცვა თავი. სხვების ნება და უნარი ამ მხრივ უკვე გამოიცადა და, როგორც იცით, ყველა პარტნიორმა ვერ გაიარა ეს გამოცდა ისე, როგორც ველოდით. სწორედ ამიტომ არის ეს ბოლო პერიოდის მთავარი გზავნილი და კარგია, რომ ჩვენ შევძელით ამ გზის გაკვლევა“, – ამბობს არსენ ჟუმადილოვი, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი.
უკრაინა აქტიურად ეძებს ინვესტიციებს, რათა კიდევ უფრო გაზარდოს სამხედრო წარმოება, შეამციროს დასავლელ პარტნიორებზე დამოკიდებულება თავდაცვით ომში. თავდაცვის მინისტრ დენის შმიგალის თქმით, უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდების თითქმის 60% უკვე ადგილობრივ წარმოებას ეყრდნობა. რაც დაახლოებით 35-ჯერ მეტია სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისთან შედარებით. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა „მსოფლიო ლიდერია“ თავდაცვის ტექნოლოგიებში და შეერთებული შტატებიც კი ჩამორჩება კიევს დრონების განვითარების კუთხით.
„რა თქმა უნდა, ამჟამად ჩვენი მთელი ინდუსტრიული პოტენციალი დაფუძნებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაჩერება არ შეიძლება და უნდა განვავითაროთ, თუმცა ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი საერთაშორისო ბაზრებზე გავალთ. ამჟამად წარმოება კარგად მიმდინარეობს, გვაქვს პოტენციალი და დიდი მოცულობით წარმოების უნარი. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა, რათა მომავალში სრულად დავტვირთოთ ჩვენი საწარმოები. შესაბამისად, ეს არის ექსპორტის გახსნის საკითხი“, – თქვა ჰენადიი ხირჰიი, UKR Armo Tech-ის გენერალური დირექტორი.
დრონების ეფექტიანობა სტატისტიკითაც ჩანს. ოფიციალური მონაცემებით, სწორედ მცირე უკრაინული დრონების მოქმედებას უკავშირდება ფრონტის ხაზიდან 15 კმ-ის რადიუსში რუსეთის დანაკარგის – როგორც ადამიანური რესურსის, ისე ტექნიკის თითქმის 70%. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა უახლოეს პერიოდში 1.3 მილიარდ ევროს მიიღებს დანიისგან, შვედეთისგან, კანადისგან, ნორვეგიისა და ისლანდიისგან, რათა აწარმოოს საარტილერიო საშუალებები, შემტევი დრონები, რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.
