საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც მშრომელთა ფართომასშტაბიანი აქციები იმართება, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მანამდე მომიტინგეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და დააზიანეს პარიზში მდებარე რამდენიმე შენობა. შეტაკებისას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით პირი დააკავა.
ასობით ათასი მოქალაქე გაიფიცა მას შემდეგ, რაც პროფკავშირებმა მათ მოუწოდეს, გააპროტესტონ ხელისუფლების გადაწყვეტილება ბიუჯეტის შემცირების შესახებ. დემონსტრანტებმა პარიზში, ლიონსა და ნანტში ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. შეჩერდა ზოგიერთი მეტროსადგურის მუშაობა, ასევე გარკვეული დროით შეფერხდა სხვადასხვა სერვისის მიწოდება.
მოქალაქეები ასევე შეიკრიბნენ სკოლებსა და უნივერსიტეტებთან, სადაც აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს მოუწოდებდნენ, შეერთებოდნენ პროტესტს. მშრომელებს სოლიდარობას უცხადებენ და დემონსტრაციებში მონაწილეობენ ფარმაცევტებიც.
ადგილობრივი მედიის თანახმად, საფრანგეთის მასშტაბით დაკეტილია აფთიაქების 98%. ქვეყნის მსხვილი პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, ისინი გეგმავენ, მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ სამართალდამცველებს, რათა აიძულონ ხელისუფლებას, წავიდეს დათმობაზე. მათი შეფასებით, საფრანგეთის მთავრობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც ხელსაყრელია მხოლოდ მდიდრებისთვის.
საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები თითქმის ერთი კვირაა, გრძელდება. მოქალაქეები მოითხოვენ საჯარო სერვისების მეტ დაფინანსებას და ზოგ შემთხვევაში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომასაც.