კატეგორიები

„უკრაინა მარტო არ დარჩება არც ომის დროს, არც აღდგენისას” – ევროპის გზავნილი კიევს

„უკრაინა მარტო არ დარჩება არც ომის დროს, არც აღდგენისას” – ევროპის გზავნილი კიევს

„ქ ვართ, რომ დავრჩეთ” – რობერტა მეცოლას ამ მოკლე გზავნილს პირდაპირი მნიშვნელობა აქვს. ევროპარლამენტი კიევში მუდმივ წარმომადგენლობას ხსნის – ამის შესახებ პირველმა ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა უკრაინულ პარლამენტში თქვა. უმაღლესი რადის პლენარულ სესიაზე მან წარმოთქვა ემოციური სიტყვა, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობასთან ერთად  მხარდაჭერას უდასტურებდა.

„მე ვიცი, რომ მშვიდობა აუცილებლად დაისადგურებს, უკრაინა კი გაიმარჯვებს. მაგრამ რამდენად მალე მოვა მშვიდობა და რა პირობებით – თქვენზეა დამოკიდებული, რადგან არაფერი ყოფილა, არის და იქნება გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე. თქვენ არ გჭირდებათ ემპათიის სიტყვები ჩემგან, თქვენ გჭირდებათ ის, რასაც ევროპა პირველივე დღიდან გაწვდიდათ და ასე გააგრძელებს – რეალური მხარდაჭერა იარაღით, საბრძოლო მასალებით, წვრთნებით, ჰუმანიტარული დახმარებით იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები და სახლები დაკარგეს, სანქციებით, რათა რუსეთის ომის მანქანა შევასუსტოთ, დიპლომატიით, რათა უკრაინა იყოს დღის წესრიგში პირველი საკითხი. სწორედ ამ გზით ვეხმარებით უკრაინას და ვუახლოვდებით მშვიდობას, რათა თითოეული გატაცებული უკრაინელი ბავშვი დავაბრუნოთ სამშობლოში.

იძულებითი მშვიდობა მხოლოდ რამდენიმე თვით ან წლით შეაჩერებს ომს, ჩვენი პოზიცია ნათელია, მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი, ღირსებასა და სამართალზე დაფუძნებული, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენობასა და დამოუკიდებლობას. ევროპას უკრაინის მსგავსად მუდამ სურდა მშვიდობა და სწორედ ამაზე დაფუძნდა ჩვენი ერთობაც.  ამიტომაც ვაგრძელებთ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ვართ მზად და უნარიც შეგვწევს, მივაღწიოთ მას – ამ გზავნილს ვგზავნით აშშ-შიც.

ჩვენ აქ ვართ თქვენთან, აქ ვართ, რომ დავრჩეთ. მარტო არასოდეს ივლით და როდესაც მშვიდობა მოვა და ეს ბნელი თავი საბოლოოდ დაიხურება, მაშინაც თქვენ გვერდით ვიდგებით აღორძინების პროცესშიც და უკრაინა კი მალევე შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს”, – აღნიშნა უმაღლეს რადაში გამოსვლისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტს არც იმის თქმა დავიწყებია, რომ ახლოვდება ევროკომისიის მე-19 სასანქციო პაკეტის წარდგენა, რომელშიც რუსეთზე ზეწოლა დაგეგმილზე მეტადაა გაზრდილი. საქმე იმაშია, რომ ახალი პაკეტი რუსულ ბანკებზე, ჩრდილოვან ფლოტსა და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების შეზღუდვაზე იყო ორიენტირებული, თუმცა გუშინ მისი წარდგენა გადაიდო. ეს იმიტომ, რომ ვაშინგტონი ევროპელებს რუსული ენერგორესურსების შეძენის შეჩერებას არა 2028 წლისთვის, არამედ დაუყოვნებლივ სთხოვს. აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ახალი სასანქციო პაკეტი კრიპტოვალუტასა და ენერგეტიკასაც შეეხება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამასთან კომისიის შეთავაზება იქნება, რომ აჩქარდეს რუსული წიაღისეულების იმპორტის შეჩერება. მიუხედავად ამისა, კრემლი პოზიციებში ცვლილებებს არ განიხილავს.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციასა და ღიაობას მოლაპარაკებათა პროცესში. ვამჯობინებთ უკრაინის საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს, ამასთან ევროკავშირი და მისი ცალკეული ქვეყნები რჩებიან მტრულ ხაზზე რუსეთის
წინააღმდეგ და შეცდომით ფიქრობენ, თითქოს სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებით რამენაირად რუსეთის ფედერაციის პოზიციაზე იმოქმედებენ. რუსეთი იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესს და არ ექვემდებარება ამ სანქციების გავლენას – ამის დემონსტრირება ვფიქრობ ბოლო წლებში უკვე მოვახდინეთ კიდეც“, – ამბობს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი.

ბოლო წლებთან ერთად დემონსტრაციული იყო ბოლო დღეებიც. მას შემდეგ, რაც ბელარუს-რუსეთის სამხედრო სწავლების ფარგლებში პოლონეთში არაერთი რუსული დრონი შეფრინდა და ნატოს მე-4 მუხლის გააქტიურების საბაბიც კი გახდა. პოლონეთისთვის ნათელია, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა და ქაოსის შექმნას ემსახურებოდა. აზრს იზიარებენ ბერლინშიც, სადაც თვლიან, რომ საზღვრების გადაკვეთით რუსეთი ნიადაგს სინჯავს და ნატოს რეაგირებას აკვირდება. ამის შესახებ დღეს, 17 სექტემბერს, ბუნდესტაგში ისაუბრა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელმაც მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებზე ბერლინის ხედვაც გააჟღერა.

„ნაკარნახევი მშვიდობა, მშვიდობა თავისუფლების გარეშე, კაპიტულაცია – დილიდან ამას ვისმენთ. კაპიტულაცია მხოლოდ წაახალისებს პუტინს, რომ შემდეგი სამიზნე შეარჩიოს. პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მაგალითზე ჩვენ ვნახეთ, რომ საფრთხე რეალურია. ეს არის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი – იქნება ეს გერმანიასა თუ ევროპაში. პუტინი უკვე კარგა ხანია, ცდის ჩვენს წითელ ხაზებს.  აწყობს საბოტაჟს, ჯაშუშობს, კლავს, ცდილობს, შექმნას გაურკვევლობა.

რუსეთს სურს არეულობა ჩვენს საზოგადოებაში. თუმცა, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ უნდა შევაკავოთ მოწინააღმდეგეებისგან მომდინარე აგრესია და ამავე დროს ერთმანეთთან დავაახლოოთ მოკავშირეები და პარტნიორები, როგორც ამას ფედერალურ მთავრობაში ვაკეთებთ. ამის საკმაოდ წარმატებული მაგალითია ტულონში, ფრანგულ-გერმანული მინისტრთა საბჭო”, – აღნიშნა ბუნდესტაგში გამოსვლისას ფრიდრიხ მერცმა.

„ჩვენ  ვერ მივცემთ თავს უფლებას, დაგვყონ, ვხედავთ, რომ პოლონეთზე დრონებით დარტყმა ქაოსზე იყო გათვლილი, ჩვენს თავებსა და გულებში. თუ წარსულის ეს დემონი დაბრუნდება, თუ პოლონელები დაიწყებენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე დავას, და ასეთია ჩვენი უსაფრთხოება, მაშინ კრემლი და რუსეთი გაიმარჯვებს, როგორც ეს 86 წლის წინ მოხდა”, – ამბობს პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი.

ევროპის, მასთან ერთად კი უკრაინის ამოცანაა, რომ ასე არ მოხდეს. ამ მხრივ აშშ-ის პოზიციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ვიდრე პუტინს, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის პერსპექტივა უპერსპექტივოდ გამოიყურება, დადებით გზავნილები იკითხება სხვა ხაზით. ახალი ფინანსური შეთანხმების ფარგლებში დღეს უკრაინის მხრიდან ამერიკული შეიარაღების შესყიდვის პროცესი დაიწყო. შუამავალი შეთანხმების მიხედვით ნატოა, რომელიც ფაქტს ადასტურებს. ბოლო შეთანხმება სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გავლით გულისხმობს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას. ეს კი გაძლიერებული რუსული იერიშის ფონზე ხდება უკრაინის მისამართით.

„ჩვენ უკრაინაში პოზიტიურად ვუპასუხეთ ყველა შეთავაზებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან იმისთვის, რომ ომი და ადამიანების მკვლელობა დასრულდეს. ჩვენი მხრიდანაც არაერთი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიზნის მისაღწევად. მხოლოდ პუტინია დაინტერესებული ამ მკვლელობებით – ეს მისი ომია, მხოლოდ რუსეთის ომი. ველით, რომ მსოფლიო ამ ყველაფრიდან დასკვნას გამოიტანს, განსაკუთრებით კი პოლონეთში დრონებით თავდასხმის შემდეგ. ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია და ქვეყანაზე, რომელიც დიდად აფასებს აშშ-სა და პრეზიდენტ ტრამპს. როდესაც საქმე რუსეთს ეხება, ეს არაა მხოლოდ მეზობლობის საკითხი, ეს ეხება ყველას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროპას კარგად ესმოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  რუსეთი გააგრძელებს ომის გაფართოებას და არა აუცილებლად უკრაინაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ და უკრაინა 75-75 მილიონ დოლარს გაიღებენ მინერალების გარიგების ფარგლებში ჩამოყალიბებული საინვესტიციო ფონდისთვის. ოფიციალური კიევის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი უკვე პრაქტიკულ საქმიანობას გულისხმობს, რომელიც ენერგიაზე, ინფრასტრუქტურასა და კრიტიკულ წიაღისეულებზე იქნება ფოკუსირებული. 2026 წლისთვის ვაშინგტონი და კიევი სამი მსხვილი პროექტის იმპლემენტაციას გეგმავენ, თუმცა მანამდე მხარეების მთავარ ამოცანად რუსული აგრესიის დასრულება რჩება უკრაინაში, რაშიც პროგრესი ჯერ არ იკითხება.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები