რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განაგრძობს უკრაინის ქალაქებისა და რეგიონების დაბომბვას. 17 სექტემბრის ღამეს თავს დაესხნენ ხარკივსა და ზაპოროჟიას.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გასული ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 3500-ზე მეტი დრონი, 2500-ზე მეტი მძლავრი პლანირებადი ბომბი და 200-მდე რაკეტა გაუშვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ ისაუბრა რუსეთის დაუყოვნებლივ შეჩერების აუცილებლობაზე.
„თავს დღისით დაესხნენ და ცხადია, მიზანი მაქსიმალური რაოდენობის მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმა იყო. ეს ქალაქის ცენტრალური ნაწილია, სადაც ბევრი მცხოვრებია. ქუჩის გადაღმა ბაზარია, რომელიც ფუნქციონირებს. ქუჩაში ბევრი ადამიანი იყო. ნამდვილად სასწაულია, რომ არავინ დაიღუპა“, – ამბობს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ სინიეჰუბოვი.
თავს დაესხნენ ასევე ზაპოროჟიის ცენტრალურ ნაწილსაც, სადაც სარაკეტო იერიშის შედეგად, 1 მოქალაქე დაიღუპა, 20 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.

თავდასხმის მორიგ სერიას უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან „ტელეგრამზე” დაწერა, რომ რუსეთმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 3500-ზე მეტი დრონი, 2500-ზე მეტი მძლავრი პლანირებადი ბომბი და თითქმის 200 რაკეტა გაუშვა.
„ყოველდღე გრძელდება რუსული ტერორი. რუსებს არ სურთ ამ ომის დასრულება, ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობაზე რეალურად საუბარი. ჩვენ, უკრაინელებმა, დადებითად ვუპასუხეთ შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის ყველა წინადადებას, რომლებიც ამ თავდასხმასა და მკვლელობის დასრულებას ეხებოდა. უკრაინამ სხვადასხვა ფორმატიც შესთავაზა ომის შესაჩერებლად“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინისადმი მიცემული ვადა, მიეღო საბრძოლო მოქმედებების შეჩერების წინადადება, შედეგების გარეშე ამოიწურა.