„იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორიის” ახალი ანგარიში ასახავს რუსეთის მიერ ათიათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცებისა და იძულებითი გადამზადების პრაქტიკას. დოკუმენტში აღწერილია 210 ობიექტი, სადაც ბავშვები გადაჰყავდათ დეპორტაციის, ხელახალი „განათლებისა“ და იძულებითი შვილად აყვანის მიზნით.
კვლევამ გამოავლინა, რომ ზოგიერთი ბავშვი იძულებული იყო სამხედრო ტექნიკის – დრონების, ნაღმების დეტექტორებისა და იარაღისთვის საჭირო მოწყობილობების წარმოებაში მიეღო მონაწილეობა. მაგალითად, კრასნოდარში მდებარე „ჩეინჯის“ ცენტრში 2022 წლიდან იმყოფებოდა 300-ზე მეტი ბავშვი, სადაც მათ იძულებით ამუშავებდნენ სამხედრო ტექნიკის, მათ შორის დრონების დასამზადებლად. ბანაკს ხელმძღვანელობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია.
ასევე გამოვლენილია მოსკოვის მახლობლად მოქმედი „ახალგაზრდა პატრიოტის“ ცენტრი, რომელიც 2023 წელს გაიხსნა და სპეციალურად უკრაინელი ბავშვების „ხელახალი განათლებისა და სამხედრო წვრთნებისთვის“ გამოიყენება. იქ ბავშვებს ასწავლიან იარაღის აწყობას, სამხედრო მედიცინასა და რუსეთის ოფიციალურ ისტორიულ ნარატივს.

ანგარიშის თანახმად, სულ მცირე 40 ობიექტი იყო ჩართული უკრაინელი ბავშვების სამხედრო მიზნებისთვის ინდოქტრინაციაში. ობიექტების ნაწილი რუსეთის მთავრობის, ნაწილი კი კერძო პირებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია.
იელის დასკვნები კიდევ ერთხელ მიუთითებს ვლადიმერ პუტინის დავალებით ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე, რაზეც უკვე არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი.
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მათ უკვე აქვთ თითქმის 20 000 დეპორტირებული ბავშვის შესახებ მტკიცებულება, თუმცა შიშობენ, რომ რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებსაც 2022 წლის სრულმასშტაბიან ომამდე რუსეთის მხარდაჭერილი მარიონეტები აკონტროლებდნენ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა: „ეს ანგარიში დაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვს. ბავშვები შეიარაღებული კონფლიქტის ყველაზე დაუცველი მსხვერპლნი არიან. მათ არა მხოლოდ ტრავმა და იძულებითი გადაადგილება მოუწიათ, არამედ განიცადეს სისტემური დეპორტაცია, უკანონო შვილად აყვანა და იძულებითი ასიმილაცია.
ახლა უკვე ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ბავშვების გამოიყენოს ჩვენი და ევროპის წინააღმდეგ”.