მთავარიმსოფლიოუკრაინამ დრონებით შეუტია რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინამ დრონებით შეუტია რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

რუსეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ლენინგრადის რეგიონში, ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 14 სექტემბერს მასშტაბური ხანძარი იყო. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის მიზეზი უკრაინული დრონებით იერიში იყო.

კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმის სერიის ნაწილია. ობიექტი წელიწადში დაახლოებით 18 მილიონ ტონას, ანუ დღეში 355 000 ბარელ ნედლ ნავთობს აწარმოებს.

რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდერ დროზდენკომ განაცხადა, რომ 14 სექტემბრის ღამეს სამი დრონი გაანეიტრალეს, ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კი ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

პარალელურად, რუსეთი ბელარუსთან ერთად სამხედრო წვრთნებს აგრძელებს. 14 სექტემბერს რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ფრეგატმა „ადმირალმა გოლოვკომ“ ბარენცის ზღვაში ბელარუსთან ერთად Zapad 2025-ის მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუ-34 ბომბდამშენის ეკიპაჟმა სუ-57 გამანადგურებლების გამოყენებით დაბომბვის იმიტაცია ჩაატარა.

Zapad 2025, რომელიც ქართულად „დასავლეთს” ნიშნავს, დიდ შეშფოთებას იწვევს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, მით უფრო მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში გახშირდა რუსული დრონების მიერ რეგიონის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა. განსაკუთრებით 10 სექტემბრის შემდეგ, როდესაც დიდი რაოდენობით უპილოტო აპარატებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

რუსეთისა და ბელარუსის წვრთნები 2009 წლიდან, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მონაწილე ქვეყნების განცხადებით, მანევრებში 12-დან 13 ათასამდე სამხედრო მონაწილეობს, თუმცა NATO ეჭვქვეშ აყენებს ამ მონაცემების სიზუსტეს.

მინსკი და მოსკოვი ამტკიცებენ, რომ სწავლებები არცერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა წარსულმა გამოცდილებამ სხვა სურათი აჩვენა. წვრთნების სცენარებში, რუსეთი და ბელარუსი ხშირად ესხმიან თავს „გამოგონილ“ ქვეყნებს, რომლებიც აშკარად წააგავს აღმოსავლეთ ევროპის რეალურ სახელმწიფოებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბელარუსში ახალი მასშტაბური სამხედრო ობიექტების მშენებლობაც, რომელიც 2 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს მოიცავს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მას, შესაძლოა, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში და იქ განთავსდეს რუსეთის ახალი ბალისტიკური რაკეტების სისტემა „ორეშნიკი“. სწორედ ამ გარემოებების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპაში მიიჩნევენ, რომ Zapad 2025-მა, შესაძლოა, დამატებითი გამოწვევები შექმნას მათი უსაფრთხოებისთვის.

გასულ კვირას პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გამოჩენის გამო NATO ახალი თავდაცვითი აღჭურვილობის გამოყენებით აძლიერებს აღმოსავლეთის ფლანგს, სწორედ იმ ფლანგს, რომელიც ბელარუსს, რუსეთსა და უკრაინას ესაზღვრება.

NATO-ს ოპერაცია „აღმოსავლეთის სადარაჯოს“ ფარგლებში, საფრანგეთის „რაფაელის“ ტიპის ორი საბრძოლო თვითმფრინავი უკვე პოლონეთის საჰაერო სივრცეშია.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:26
spot_imgspot_img
Send this to a friend