მთავარიმსოფლიოდრონების საწინააღმდეგო სწავლება ლატვიაში

დრონების საწინააღმდეგო სწავლება ლატვიაში

რუსულ-ბელარუსული სამხედრო მანევრები აქტიურ ფაზაში შევიდა. წვრთნები იმართება როგორც  ნატოს საზღვართან ახლოს, ბელარუსში,  ისე ბარენცის ზღვის საჰაერო ტერიტორიაზე და კალინინგრადის ოლქის საზღვაო აკვატორიაში – ბალტიის ზღვაში.

მას შემდეგ, რაც პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, ნატომ ძალები გააძლიერა აღმოსავლეთ მიმართულებაზე. მრავალ სხვადასხვა სამხედრო მანევრს შორის – ლატვიაში გაიმართა ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვრთნა, რომელიც კონკრეტულად დრონების საწინააღმდეგო მოქმედებებს ისახავდა მიზნად.

„დრონებისა და მათი საწინააღმდეგო ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება. მაგალითად, უკრაინიდან მიღებული ინფორმაცია გვაჩვენებს, რომ, შესაძლოა, ყოველ ორ კვირაში საბრძოლო ველზე ახალი ცვლილებები გამოვლინდეს.

დრონები სხვადასხვა სიხშირეზე ოპერირებენ, ან ჩნდება დრონების მართვის  განსხვავებული მეთოდები. მრავალფეროვანია დრონების მოდელებიც.  ასევე შეიმჩნევა დრონების განვითარების ტენდენცია, რაც ბრძოლის ველზე აუცილებელია. განვითარების ეტაპებს აუცილებლად სჭირდება ახლო მონიტორინგი. ყოველი ვარჯიშის დროს  ვხედავთ, რომ  ჩნდება ახალი დრონების ნიმუშები. ეს ყველაფერი თვალსაჩინოა. ჩვენ ვხედავთ მას და აუცილებელია, რომ ვაკონტროლოთ იგი“, – ამბობს ნატოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სააგენტოს უფროსი მეცნიერი კრისტიან კომანი.

სწავლება, რომელიც ნატოს ინფორმაციისა და კომუნიკაციების სააგენტოსთან პარტნიორობით დაიგეგმა, თანამედროვე გამოწვევების მიხედვით განხორციელდა. საყურადღებოა, რომ სწორედ რუსული დრონებია აღმოსავლეთ ევროპისთვის ამ მომენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. სწორედ ამ მომატებული საფრთხეების გამო ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს სამხედრო მანევრები კიდევ უფრო გააქტიურდა. ნატოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სააგენტოს უფროსი მეცნიერის თქმით, დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს შორის ომში დრონებს უპირატესობა ენიჭებათ, რადგან მათ აქვთ ინიციატივა  და სწრაფად შეუძლიათ განვითარება. დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიას კი ყოველთვის ახლავს გამოწვევა, რომ დაეწიოს ამ ცვლილებებს — შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, დაელოდონ ცვლილებებს, რათა შემდეგ თავადაც მოერგონ მათ.

„ანტიდრონული ტექნოლოგიის განვითარება უფრო ხარჯიანი პროცესია, ვიდრე თავად დრონებისა.  აუცილებელია მოკლე ვადაში ახალ გამოწვევებთან ადაპტაცია“, – დასძენს ქრისტიან კომანი, ნატოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სააგენტოს უფროსი მეცნიერი.

მომატებული რუსული საფრთხის გამო, რომელიც სამხედრო მიმომხილველთა წრეებში კრემლისა და მინსკის ერთობლივ მანევრებს უკავშირდება, ალიანსის სამხედრო ძალა კიდევ უფრო იზრდება აღმოსავლეთ ფლანგზე. პოლონეთში  ნატოს ახალი უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში დანიური, ფრანგული, გერმანული გამანადგურებლები გამოჩნდნენ. ალიანსის ოფიციალური მონაცემებით,  ალიანსის ოპერაციების გაერთიანებული სარდლობა დაჩქარებულად განიხილავს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მათ შორის დრონების საწინააღმდეგო, აღმოჩენის, თვალთვალისა და განადგურების სისტემებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend