12 სექტემბერს ბელარუსმა და რუსეთმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო მანევრები, რაც დიდი შეშფოთებას იწვევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უსაფრთხოების ზომებს იღებენ. შეშფოთება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში გახშირდა რუსული დრონების მიერ რეგიონის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია 10 სექტემბრის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დიდი რაოდენობით უპილოტო აპარატებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
11 სექტემბერს, გვიან ღამით, პოლონეთმა ჩაკეტა საზღვარი ბელარუსთან.
რუსეთმა ამ გადაწყვეტილებას „დესტრუქციული” უწოდა და ვარშავას „შედეგებით” დაემუქრა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ვარშავას, განიხილოს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯების შედეგები და რაც შეიძლება მალე გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
რამდენიმე დღით საჰაერო სივრცეს აღმოსავლეთ საზღვრებზე კეტავს ლატვიაც.
ლატვიის პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტს წარუდგინა წინადადება, სრულად დაიხუროს ქვეყნის საზღვრები ბელარუსსა და რუსეთთან მომავალი სამხედრო წვრთნების „Zapad 2025-ის“ დროს.
„Zapad 2025” 2009 წლიდან, ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. მასპინძელი ქვეყნების განცხადებით, მანევრებში 12-დან 13 ათასამდე სამხედრო მონაწილეობს, თუმცა ნატო ეჭვქვეშ აყენებს ამ მონაცემების სიზუსტეს. მინსკი და მოსკოვი ამტკიცებენ, რომ სწავლება არცერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა სხვა სურათი აჩვენა წარსულმა გამოცდილებამ. წვრთნების სცენარებში რუსეთი და ბელარუსი ხშირად ესხმიან თავს „გამოგონილ“ ქვეყნებს, რომლებიც ძალიან ჰგავს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს.
