ჩარლი კირკის მკვლელი დაკავებულია. ის იუტის შტატის მცხოვრები, 22 წლის ტაილერ რობინსონია, რომელიც სამართალდამცავ ორგანოს, ოჯახის წევრების მოწოდებების შემდეგ ჩაჰბარდა.
ინფორმაცია პირველმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში გაავრცელა. მან თქვა, რომ „მაღალი ალბათობით, ჩარლი კირკის მკვლელი დაკავებული იყო” და მის ამოცნობაში ფედერალურ საგამოძიებო უწყებას ეჭვმიტანილის უახლოესი გარემოცვა დაეხმარა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასროლისა და ადგილიდან მიმალვის შემდეგ შეიარაღებული პირი ოჯახის წევრებს ესაუბრა, მისმა მამამ კი, დაარწმუნა შვილი, პოლიციას ჩაჰბარებოდა. მანამდე შესაძლო დანაშაულის შესახებ საგამოძიებო უწყებებს ოჯახის ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომლის გადამოწმების შემდეგაც დამნაშავის ვინაობა საბოლოოდ დადასტურდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ტაილერ რობინსონი ბოლო პერიოდში პოლიტიკით სულ უფრო მეტად დაინტერესდა და ჩარლი კირკის იუტის შტატში ჩასვლის შესახებაც წინასწარ იყო ინფორმირებული. საგამოძიებო ბიურო მადლობას უხდის ოჯახს თანამშრომლობისთვის.
„11 სექტემბრის საღამოს ტაილერ რობინსონის ოჯახის წევრი დაუკავშირდა ოჯახის მეგობარს, რომელმაც თავის მხრივ ვაშინგტონში შერიფის ოფისს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რიბინსონმა საკუთარი შვილის დანაშაული აღიარა.
ეს ინფორმაცია გადამოწმდა შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მიერ, მათ შორის ჩართულ იყო FBI-ც. შესაბამის ვიდეომასალაზე აღმოაჩინეს რობინსონი, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსს დანაშაულის ჩადენამდე უახლოვდებოდა. გამოჰკითხეს მისი ოჯახის წევრებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ის პოლიტიკით ზედმეტად იყო დაინტერესებული. გაიხსენეს ერთ-ერთი ეპიზოდიც ოჯახური ვახშმიდან, სადაც მან ახსენა, რომ ჩარლი კირკი იუტის შტატში აპირებდა ჩასვლას.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოსწონდა მას კირსკი და მისი პოზიციები, პასუხი იყო, რომ კირკი სიძულვილს ავრცელებდა. მადლობა მინდა გადავუხადო ტაილერ რობინსონის ოჯახის წევრებს, რომლებიც სწორად მოიქცნენ, რომ ის სამართალდამცავ უწყებაში მოიყვანეს”, – აღნიშნა იუტის გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა.
იუტის უნივერსიტეტში დებატების დროს კონსერვატიული ფრთის ცნობილ აქტივისტ ჩარლი კირკს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10 სექტემბერს ესროლეს. 31 წლის კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.