მთავარიევროპაუკრაინადონეცკის რეგიონზე რუსეთის ბოლო თავდასხმას 24 მოქალაქე ემსხვერპლა

დონეცკის რეგიონზე რუსეთის ბოლო თავდასხმას 24 მოქალაქე ემსხვერპლა

9 სექტემბერს აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში რუსული პლანირებადი ბომბი იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც ხალხი ღია ცის ქვეშ ყოველთვიური პენსიის ასაღებად რიგში  იდგა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 19 კი დაშავდა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაში აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 11 საათზე მოხდა. სოფელი ფრონტის ხაზიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ დაღუპულთაგან 23 პენსიონერი იყო. რუსეთის იერიშის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.

„რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად მიჰქონდათ იერიში.  მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც პენსიას იღებდნენ. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, დაღუპულია 24 ადამიანი. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. ასევე დაშავდა 19 პირი. მათ  შესაბამის დახმარებას უწევენ. ეს რუსების ერთ-ერთი შეტევაა. ისინი ყოველდღიურად ესხმიან თავს უკრაინელებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს. როგორც არ უნდა შეხედო, იაროვში რუსების მიერ უკრაინელების დახოცვა დანაშაულია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დონცეკის რეგიონული პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ხეები, რომლებიც შუაზეა გაპობილი, ასევე სოფლის მოედანზე წარმოქმნილი ღრმული, სადაც ბომბი ჩამოვარდა. ცხედრები დროებით მოწყობილ მორგში გადაასვენეს. ეს არის რუსების მიერ უახლესი თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე.

გაეროში აცხადებენ, რომ სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში 12 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბოლო თვეებში აშშ-ს ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის წარუმატებლობის გამო რუსეთმა გააძლიერა უკრაინის საჰაერო იერიშები.

როგორც ცნობილია, 7 სექტემბერს რუსეთმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტია. ეს ომის დაწყების შემდეგ დედაქალაქზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend