მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

ზოგისთვის ზაფხულის დასასრული შესაძლოა დასანანი იყოს, მაგრამ რა შეედრება სექტემბრის გრილ საღამოებს, გოგრის სანელებლიან ლატეს, ხანდახან სახლში ჩაჯდომასა და საინტერესო სატელევიზიო სერიალების ყურებას.

წინ გველის კულტურული იუბილეები — ჰამბურგში მიმდინარეობა სიურრეალიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ეწყობა, დიდ ბრიტანეთში კი ათდღიანი ფესტივალი იმართება ჯეინ ოსტინის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

ამასთან, ემირალდ ფენელის სკანდალურმა ტრილერმა  „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს ესპანელი რეჟისორ ოლივერ ლაქსის ფილმი Sirāt, რომელმაც  კანის ფესტივალზე ჟიურის პრიზი მიიღო.  დასრულდა ვენეციის კინოფესტივალიც, შესაბამისად,  უკვე დაჯილდოების სეზონია.

გამოფენები და ღონისძიებები

სიზმრების შეხვედრა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში სიურრეალიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული გამოფენა  სტუმრებს რეალობის განცდას უკარგავს  და სთავაზობს დაუვიწყარ მოგზაურობას სიზმრებისა და ზებუნებრივი ძალების სამყაროში, სადაც  ეს მიმდინარეობა თავისთავად გერმანულ რომანტიზმსაც უკავშირდება. გამოფენაზე წარმოდგენილია სალვადორ დალის,  რენე მაგრიტის, კასპარ დავიდ ფრიდრიხისა და ფილიპ ოტო რუნგეს, ასევე ლეგენდარული სიურრეალისტი და რომანტიკოსი მხატვრებისა და მწერლების მიერ შექმნილი 200-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთაგან ზოგიერთი პირველად გამოიფინება. ეს იქნება ერთგვარი ხიდი ორ მიმდინარეობას შორის, რომლებმაც ძირეულად შეცვალა მე-20 საუკუნის წარმოდგენები. გამოფენა 2025 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ჯეინ ოსტინის ფესტივალი

ჯეინ ოსტინის ფესტივალზე ყოფნას ხომ არაფერი სჯობია! როგორც ცნობილია, ფესტივალი  ინგლისის ქალაქ ბათში ტარდება, სადაც ეს ცნობილი ავტორი ცხოვრობდა და სადაც ორი მისი რომანია დაწერილი. 2001 წლიდან ეს ღონისძიება ყოველწლიური მნიშვნელოვანი მოვლენაა ოსტინის თაყვანისმცემლებისთვის. წლევანდელი ფესტივალი კი განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან  ოსტინის დაბადებიდან 250 წლის იუბილე აღინიშნება. პროგრამაში შედის მეჯლისები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, საგანმანათლებლო ლექციები და კროკეტის გაკვეთილები. ასევე დაგეგმილია სეირნობა, სპექტაკლები და კიდევ უამრავი გასართობი. ფესტივალი დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბათში 12-იდან 21 სექტემბრამდე გაიმართება.

ფილმები

The Long Walk

ფილმის სიუჟეტი, რომელიც დაფუძნებულია სტივენ კინგის 1979 წლის საშინელებათა რომანზე The Long Walk,  აშშ-ის დისტოპიურ ვერსიაში ვითარდება, სადაც ყოველწლიურად სასტიკი კონკურსი იმართება. ასი ახალგაზრდა გაჭირვებული მამაკაცი იძულებულია, იაროს მანამ, სანამ ძალა ეყოფა — წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი ელით. რეჟისორი ფრენსის ლოურენსია, რომელიც ავტორია ფილმისა  „შიმშილის თამაშები“. მთავარ როლებს კუპერ ჰოფმანი და დევიდ ჯონსონი ასრულებენ.


.

The Long Walk გამორჩეულია თემატიკით, რომელიც მიზნის ძიებას, გამძლეობასა და ეგზისტენციალურ შიშს გულისხმობს. ფილმის პრემიერა ევროპულ კინოთეატრებში 12 სექტემბრიდან გაიმართება.

Sirāt


.

კანის 78-ე კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელი და ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი Sirāt მამის მოგზაურობაზე მოგვითხრობს. იგი დაკარგულ ქალიშვილსა და დას ეძებს.  ისინი ბოლოს ხუთი თვის წინ მაროკოს უდაბნოში მუსიკალურ ფესტივალზე შენიშნეს. მამა და მისი ვაჟი ერთად  ეძებენ ოჯახის წევრებს. გზად კი სხვადასხვა ადამიანს ხვდებიან. ისინი თანდათან შორდებიან რეალობას და, შესაბამისად, ვერც საფრთხეს ირიდებენ.  ფილმის პრემიერა 10 სექტემბერს საფრანგეთში გაიმართება. მხოლოდ ამის შემდეგ გავა ფილმი ევროპის სხვა ქვეყნების კინოეკრანებზე.

სატელევიზიო სერიალები

Only Murders in the Building


.

შემოდგომა მოდის, ამიტომ დროა, მყუდროდ მოკალათდეთ და რაიმე კომფორტულ და საინტერესო დეტექტიური ჟანრის სერიალებს ვუყუროთ. 2021 წელს სერიალ Only Murders in the Building-ის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ სტივ მარტინი, მარტინ შორტი და სელენა გომესი. ისინი მეზობლები არიან,  მათ საერთო გატაცება აქვთ და ცდილობენ  რეალური დანაშაულის გამოძიებას. ახლა სერიალის მეხუთე სეზონი იწყება. ამ სეზონში მეგობრები თავიანთი კორპუსის დარაჯის მკვლელობას გამოიძიებენ. როგორც ვიცით, დარაჯს მეოთხე სეზონის ფინალურ სერიაში კლავენ. სატელევიზიო სერიალის ახალი სეზონი 9 სექტემბრიდან დაიწყება და მაყურებელს მისი ნახვა „დისნეი პლუსზე“ შეეძლება.

მუსიკა

Jade: That’s Showbiz Baby!


.

ბრიტანელმა მომღერალმა ჯეიდ თირუოლმა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა The X Factor-ზე, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გოგონათა ჯგუფ Little Mix-ის წევრი გახდა. 2021 წელს ბენდმა შეუზღუდავი შესვენება გამოაცხადა სოლო პროექტების შესასრულებლად. ამჯერად ჯეიდმა თავისი სადებიუტო სოლოალბომი გამოუშვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend