ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში „ასობით მეტრი სიგრძის მიწისქვეშა დერეფანი“ გაანადგურეს. ისრაელელი ოფიციალური პირების ცნობით, ეს მიწისქვეშა გზები ტერორისტული ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, რადგან „ჰამასთან“ მოლაპარაკება ჩაიშალა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ღაზაში ბოლო ციხესიმაგრე რჩება და ესაა ქალაქი ღაზა, საიდანაც ათიათასობით პალესტინელი ცდილობს გასვლას, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, „ჰამასი“ მათ არ უშვებს და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
„ვაძლიერებთ სამხედრო ოპერაციას ქალაქის გარეუბანსა და შიგნით. ვანადგურებთ ნუხბას ტერორისტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში. ლიკვიდირებულია ის ტერორისტიც, რომელმაც მშობლებს დაურეკა და დაიკვეხნა, რომ საკუთარი ხელით 10 ისრაელელი დახოცა. დავურეკეთ ოჯახს და ვაცნობეთ, რომ ეს ტერორისტი მოკლულია. ესაა მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ყველას ვიპოვით. ამასობაში დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა დატოვა ღაზა. „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მათ წასვლაში და იქ დატოვოს, რათა ცოცხალ ფარად გამოიყენოს. ისინი მათ არ ზოგავენ. ახლახან ვნახეთ, რომ ქალებსა და ბავშვებს ფეხებში ესვრიან და საჭიროების შემთხვევაში, ხოცავენ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ისინი შეეცდებიან, თავიდან აიცილონ მოსახლეობის გადინება, რაც სავალდებულოა ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ჩვენ ყურადღების გამახვილება ტერორისტებზე გვსურს და გვინდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გამოსვლის საშუალება მივცეთ“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
7 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს მრავალსართულიანი შენობაზე, რომელიც, მათი თქმით, „ჰამასის“ სამხედრო და სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. თუმცა „ჰამასი“ უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ეს უკვე მესამე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც ისრაელის იერიშების შედეგად სრულად დაინგრა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების დღიდან 64 368 პალესტინელი დაიღუპა, 162 000-ზე მეტი კი დაიჭრა.
სამინისტრო თავის სტატისტიკაში მშვიდობიან მოსახლეობასა და მებრძოლებს არ ასხვავებს, თუმცა აცხადებს, რომ ნახევარზე მეტი ქალი და ბავშვია.