წინანანდალში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ეს უკვე მე-7 სეზონია…
14 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის მამული კვლავ მსოფლიო კლასიკური მუსიკის ცენტრია. აქ უკვე ჩამოვიდნენ სახელგანთქმული მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები. კონცერტებისთვის ემზადებიან უკვე ლეგენდად ქცეული პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრები. წინანდალში 21 დაუვიწყარი კონცერტია დაგეგმილი.
“პანკავკასიური ახალგაზრდულ ორკესტრში უკვე რვა ქვეყნიდან არიან მომავალი ვარსკვლავები. ეს არის სამშვიდობო ინიციატივა და ემსახურება ამ რეგიონში ახალგაზრდების დამეგობრებას და დაახლოებას. მათ მიეცემათ შანსი რომ იმეგობრონ, არ იყოს ომები და კატასტროფები, არამედ პირიქით… ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, წელს ძალიან გვიხარია და სიამაყით გვინდა დავაანონსოთ რომ ვიწყებთ ახალი საკონცერტო დარბაზის მშენებლობას ამ სასტუმროს ზემოთ. 1200-კაციანი საკონცერტო დარბაზი ოთხი სეზონის განმავლობაში იმუშავებს, ზამთარშიც. ამ პროექტს ძალიან ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი ბიურო აკეთებს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ჩვენ ენერგიას არ ვიშურებთ და ვაგრძელებთ ძალიან მაღალი ხარისხით სვლას”, — აცხადებს სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.
“დღეს საღამოს, ფესტივალის გახსნითი კონცერტის ფარგლებში, ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს შევასრულებთ სოლისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად. ბეჰზოდი უზბეკეთიდანაა. მას უკვე გამორჩეული, წარმატებული საერთაშორისო კარიერა აქვს. იანვარში ერთად წარვსდექით ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ხოლო თებერვლის დასაწყისში – ვაშინგტონში. ასე რომ, ის მართლაც ძალიან დიდი საერთაშორისო სოლისტია. კონცერტის მეორე ნაწილში კი, ორკესტრთან ერთად შევასრულებთ შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიას”, — ამბობს ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი
“იტალიის საელჩო ამ ფესტივალს მხარს 2023 წლიდან უჭერს, ეს ძალიან კარგი წამოწყებაა, ის თავს უყრის გამოცდილ პროფესიონალებს, როგორიც არის, მაგალითად, იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა და აერთიანებს მუსიკოსებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს არის ურთიერთთანამშრომლობის, მშვიდობისა და ტოლერანტობის ძალიან კარგი გზავნილი. იტალია, როგორც კულტურის განსაკუთრებული ძალა, ასეთ ინიციატივებს სრულად უჭერს მხარს, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონსა და მსოფლიოში”, — აცხადებს იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო.
“ჩვენ კომბინირებული პროგრამა გვაქვს, რაც ხშირი არ არის. ეს არის კამერული მუსიკა… არ არის მარტივი, რომ კამერული მუსიკა გააჟღერო და რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად გქონდეს კლასიკური მუსიკის ეს ფორმა… კომბინაცია საუკეთესო მუსიკოსებია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათი დაახლოება, ერთი კვირის განმავლობაში რეპეტიციები, ეს ხშირი არ არის, ეს არ ხდება ყველა ფესტივალზე. აქ ხდება მათი დაძმობილება”, — აცხადებს წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი გიორგი საყვარელიძე.
კლასიკური მუსიკის მოყვარულებით სრულად შეივსო წინანდლის საკონცერტო დარბაზები…
დღესასწაული დაიწყო. წინ საოცარი ჰანგებით სავსე 14 დღეა.
