იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი, რომელმაც დახვეწილი ელეგანტურობის კონცეფცია მრავალმილიარდიანი მოდის იმპერიად აქცია, 91 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მოდის სახლი ავრცელებს.
ჯორჯო არმანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი იყო გლობალური მოდის ინდუსტრიაში. 2025 წლის ივნისში მილანის მოდის კვირეულზე ჯორჯო არმანიმ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარადგინა.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი ღონისძიებას ვერ დაესწრო. ამ თვეში არმანი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდის სახლის 50 წლის იუბილეს აღნიშნვას გეგმავდა.
1970-იანების ბოლოს არმანიმ იტალიური სტილი „ready-to-wear“ საერთაშორისო მოდის რუკაზე გადაიტანა. მისი შეკერილი პიჯაკი, მოქნილი შარვალი და ქალაქური ფერების პალიტრა მოდის სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. არმანი ცნობილი იყო კლასიკური, რბილი ქსოვილებითა და ნაზი ტონებით შესრულებული სტილით. მის სამოსს ირგებდნენ ვარსკვლავები ჰოლივუდსა და კორპორაციულ საღამოებზე. მისი საღამოს კაბები და შავი ფრაკები ხშირად აუცილებელი ატრიბუტი იყო „Oscars“-ის წითელ ხალიჩაზე.

არმანიმ 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იმპერია შექმნა, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ სამოსს, არამედ აქსესუარებს, სუნამოებს, კოსმეტიკას, წიგნებს, ყვავილებსა და შოკოლადსაც კი. Forbes-ის მონაცემებით, ის მსოფლიოს 200 უმდიდრეს მილიარდერს შორის იყო.
არმანის მფლობელობაში იყო ასევე ბარები, კლუბები, რესტორნები და საკალათბურთო გუნდი –Emporio Armani Milan, რომელიც ცნობილია, როგორც Olympia Milano. 1998 წლიდან მან გახსნა 20-ზე მეტი რესტორანი მილანიდან ტოკიომდე და ორი სასტუმრო – დუბაისა (2009) და მილანში (2010).
არმანის მოდისთვის დამახასიათებელი იყო კომფორტული ელეგანტურობა, სადაც ყოველი დეტალი მნიშვნელოვანი იყო. იგი ხშირად ამბობდა:
„მე ვქმნი რეალური ადამიანებისთვის. არანაირი აზრი არ აქვს ისეთი სამოსის შეკერვას, რომელიც პრაქტიკული არ არის“.

ჯორჯო არმანი დაიბადა 1934 წლის 11 ივლისს პატარა ქალაქ პიაჩენცაში, მილანის სამხრეთით. თავდაპირველად ის ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა მილანის ერთ-ერთ მაღაზიაში ვიტრინების დიზაინერად მუშაობამ მას მოდის სამყაროს კარი გაუხსნა. 1975 წელს არმანიმ და მისმა პარტნიორმა, სერჯიო გალეოტიმ, საკუთარი მანქანა 10,000 დოლარად გაყიდეს და მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნეს.
მოგვიანებით გაჩნდა ქალის კოლექციაც. 1970-იანების ბოლოს მისი სპორტული პიჯაკი სავიზიტო ბარათად იქცა და ჰოლივუდიდან უოლ-სტრიტამდე პოპულარული გახდა.
„ამ ეტაპამდე რომ მიხვალ, კმაყოფილების განცდა გეუფლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ყველაფერს მივაღწიე. პირიქით, ხვალიდან ისევ იმაზე უნდა იფიქრო, რომ თავიდან მოიპოვო საზოგადოების აღიარება. ახლა მთავარი ამ პროცესის გაგრძელება და სრულყოფაა. ზუსტად ასე უნდა გავაგრძელო ის პროექტები, რომლებიც წლების წინ დავიწყე – იქნება ეს ინტერიერის დიზაინისა თუ სასტუმროებისა და კურორტების მიმართულებით მუშაობა. მომდევნო წლები მთლიანად ამ პროექტების სრულყოფას დაეთმობა. “ – ამბობდა იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი.
არმანის სტილმა არა მხოლოდ მოდა, არამედ ადამიანების მოდის მიმართ დამოკიდებულებაც შეცვალა. 2000 წელს ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმმა მისი კარიერის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტიული გამოფენა გამართა.
დღეს არმანის მოდის იმპერია 9,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და მსოფლიოს მასშტაბით 600-ზე მეტ მაღაზიას მოიცავს. მისი კომპანიები აწარმოებენ სამოსს, აქსესუარებს, სუნამოებსა და კოსმეტიკას.

ჯორჯო არმანი ასევე აქტიურად იყო ჩართული ქველმოქმედებაში, ბავშვების დასახმარებლად შექმნილ ორგანიზაციებსა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2002 წელს მას ლტოლვილების დახმარებისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა.
არმანის პირადი ცხოვრება არ იყო გასაჯაროებული. ცნობილია, რომ მას არ ჰყავდა შვილები, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა თავის ძმისშვილთან, რობერტასთან, რომელიც მოგვიანებით მის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს აგვარებდა.
არმანის მიერ შექმნილი კოლექციები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მის სახელს უკავშირდება ელეგანტურობისა და დახვეწილობის ახალი სტანდარტი.
ავტორი: მარიამ ქობულია
