პარიზში გამართული “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისმა მონაწილეებმა დაასრულეს უკრაინისთვის პოტენციური უსაფრთხოების გარანტიების გეგმაზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც 26 ქვეყანა მზადაა გაგზავნოს საკუთარი სამხედრო კონტინგენტი უკრაინაში.
საუბარია იმ შემთხვევაზე, თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა. წინასწარი ინფორმაციით ქვეყნები უკრაინის გასაძლიერებლად განსხვავებულ როლებს ჩაიბარებენ, ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ თავზე უკრაინის დახმარებას კიბერუსაფრთხოების ნაწილში აიღებს, ზოგიერთი საჰაერო თავდაცვის, ზოგიერთი საზღვაო ფლოტის და ა.შ.
ელისეის სასახლეში გეგმის განხილვას ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივენ უიტკოფიც. ის ახლა გეგმას უკვე აშშ-ში ჩაიტანს, სადაც დაზუსტდება თუ რა როლი ექნება ამ უსაფრთხოებით გარანტიებში უკვე ვაშინგტონს.
ამის თაობაზე ინფორმაცია დონალდ ტრამპს შეხვედრის შემდეგ ევროპელებმა პირადადაც მიაწოდეს, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„მსურველთა კოალიციამ, რომელიც რეალურად მშვიდობის კოალიციაა, დღეს მაგიდაზე დადო 35 ქვეყნის კონტრიბუცი,რათა უკრაინისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ეს, პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ მოლაპარაკებების დროს არ არსებობდეს რაიმე სახის შეზღუდვები უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებთან ან თუნდაც მის სამხედრო კონტიგენტთან დაკავშირებით. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ და ასე გაგრძელდება ბოლომდე. ამავე დროს ვართ იმ პოზიციაში, რომ დავეხმაროთ უკრაინის ჯარს, კერძოდ იმისთვის, რომ შეძლოს აგრესიის მოგერიება და ამასთან რუსეთის აგრესიის შეკავებაც. მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების მეორე ელემენტს კი ჩვენ გადაზღვევას ვეძახით. ამ მხრივ დღეს 26 ქვეყანამ დაადასტურა მზაობა გაგზავნონ უკრაინაში სამშვიდობო ძალები, როგორც გადამზღვევი მექანიზმი – მიწაზე, ზღვასა თუ ჰაერში. საუბარია ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე. ამ ძალას მიზნად არ ექნება რუსეთთან ომი, არამედ ეს იქნება მშვიდობის გარანტია. ისინი წარმოდგენილები იქნებიან ადგილზე, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის ახალ აგრესიას. ეს მოხდება 26 ქვეყნის ჩართულობით, თუმცა ქვეყნების სხვა ნაწილი საკუთარ პოზიციას ამჟამად ასევე მსჯელობს”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
მედიაში აქტიურად წერენ, რომ დონალდ ტრამპი ევროპელებს მოუწოდებს შეაჩერონ რუსული ენერგოპროდუქტების შეძენა. მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკელმა პრეზიდენტმა სლოვაკეთი და უნგრეთი გამოჰყო, რომლებიც ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებდნენ კიევს მილსადენ “დრუჟბაზე” განხორციელებული შეტევების გამო. Reuter-ის ცნობით, ტრამპის აზრით ევროპამ რუსეთის ენერგოპროდუქტების შეძენაზე უარის გარდა, უნდა გაზარდოს წნეხი მოსკოვზეც და პეკინზეც, რომელიც ვლადიმერ პუტინს ომის წარმოებაში ეხმარება.
“შევთანხმდით, რომ ადგილზე იქნება დასწრება. ჯერ არ ვარ მზად ვისაუბრო ზუსტ რაოდენობაზე. დასწრება შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ეს გულისხმობს როგორც ცას, ისე ზღასა და ხმელეთს. ჩვენ განვიხილავთ აშშ-ის ჩართულობას ამ საქმეში, ამაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. გეტყვით,რომ ძალიან მადლიერები ვართ ამერიკის, იმის გამო, რომ უკრაინისთის უსაფრხთხოების გრანტიების მინიჭებას დასთანხმდა. ფორმატი ამჟამად ზუსტდება. აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას გამოჩნდა ისიც, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის ფაქტით. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის მოპატიჟებას, ვიტყოდი,რომ თუ გსურს შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა მიმიპატიჟო. ჩენ ვხედავთ, რომ რუსეთმა დაიწყო შეხვედრაზე საუბარი, ეს უკვე არაა ცუდი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავთ მის ნებას დაასრულოს ომი”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც,რომ კიევი აღარ მიღებს ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავს უსაფრთხოებით გარანტიას, რომელმაც წლების წინ არ იმუშავა. ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოსგან ელის მტკიცე და ურყევ უსაფღტხოებით გარანტიებს, რომელიც ქვეყანას მორიგი რუსული აგრესიისგან მტკიცედ დააზღვევს.