3 სექტემბერს იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ, შეიკრიბა ათასობით მომიტინგე, რომლებმაც „ჰამასის“ მიერ ღაზის სექტორში გატაცებული მძევლების დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
„მხოლოდ ნეთანიაჰუს შეუძლია მათი დაბრუნება უმოკლეს დროში. ყველაფერი თქვენს ხელთ არის, მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ, რომ გაგრძელდეს მათი ტანჯვა, ე.ი. თქვენ ირჩევთ მათ მიტოვებას და აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენგანის მიტოვებას“, – აცხადებს ღაზაში გატაცებული ერთ-ერთი მძევლის მშობელი, ანატ ანგრეტსი.
კიდევ ერთი გატაცებული მძევლის დედა, ვიკი კოჰანი ამბობს, რომ მძევლების ოჯახის წევრები უარს ამბობენ არსებულ ვითარებასთან შეგუებაზე და ისინი არასდროს მიატოვებენ ტყვეობაში მყოფ შვილებს.
„ჩვენ ჩვენს შვილებს არასოდეს მივატოვებთ და არ შევეგუებით არსებულ რეალობას. სულ რომ ვერ დავიძინოთ და წლები გვიწევდეს აქ, თქვენს ფანჯრებთან ყოფნა“, – მიმართა ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი მძევლის მშობელმა, ვიკი კოჰანმა.
იერუსალიმში პროტესტის მიმდინარეობისას ნეთანიაჰუმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მან გააკრიტიკა მომიტინგეები და დასძინა, რომ ისინი ყველა ზღვარს გასცდნენ, რადგან მისივე განცხადებით, დემონსტრანტები ანადგურებენ ქონებას, კეტავენ გზებსა და მილიონობით მოქალაქეს დაბრკოლებებს უქმნიან.
„დემოკრატიაში დემონსტრაცია ლეგიტიმური რამ არის. მაგრამ ის, რაც ხდება მთავრობის წინააღმდეგ დაფინანსებული, ორგანიზებული, პოლიტიკური დემონსტრაციების დროს, ყველა ზღვარს სცდება. ისინი ანადგურებენ ქონებას, კეტავენ გზებს, მილიონობით მოქალაქეს აფერხებენ, ხოლო არჩეულ თანამდებობის პირებსა და მათ შვილებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დევნიან“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
3 სექტემბრის ღამეს ისრაელის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება მომიტინგეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებდა. ბოლო ვარაუდით, ღაზაში გატაცებული 20-ამდე მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია.