ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინი, მოსკოვი და ფხენიანი ვაშინგტონის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დაადანაშაულა.
3 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისთვის მიძღვნილი ჩინეთის სამხედრო აღლუმის დაწყებიდან მალევე, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე განცხადება გაავრცელა:
„მთავარი შეკითხვა, რომელიც პასუხს საჭიროებს, ისაა, ახსენებს თუ არა პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და „სისხლს“, რომელიც აშშ-მა ჩინეთისთვის გაიღო, რათა დახმარებოდა მას თავისუფლების მოპოვებაში ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან. ჩინეთის გამარჯვებისთვისა და დიდებისთვის ძალიან ბევრი ამერიკელი დაიღუპა. იმედი მაქვს, რომ მათ პატივს სამართლიანად მიაგებენ და დაიმახსოვრებენ მათ სიმამაცისთვისა და თავგანწირვისთვის! პრეზიდენტ სი ძინპინსა და ჩინეთის შესანიშნავ ხალხს ვუსურვებ დიდ და ხანგრძლივ სადღესასწაულო დღეს. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სანამ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ბრალდებებს კრემლში უკვე უპასუხეს. პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ეს განცხადება ირონიით იყო ნათქვამი, რადგან არანაირი შეთქმულება არ არსებობს. უშაკოვის თქმით, ტრამპის მიერ ნახსენებ არცერთ ლიდერს „ასეთი რამ აზრადაც არ გაუვლია”.
