კატეგორიები

დონალდ ტრამპი: „უკრაინაში ომზე ისეთი რამ შევიტყვე, რაც საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება“

დონალდ ტრამპი: „უკრაინაში ომზე ისეთი რამ შევიტყვე, რაც საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენცია გამართა.

ბოლო დღეებში მედიაში არ წყდებოდა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ აღარ გამოდიოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი საჯაროდ.

სოციალურ ქსელებში გაჩნდა კონსპირაციები იმასთან დაკავშირებითაც, რომ დონალდ ტრამპს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო ეს ფაქტი და განაცხადა, რომ გასული კვირა უბრალოდ „ძალიან დაკავებული ჰქონდა”.

„არ ვიცოდი, თუ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ფიქრობდნენ. შეიძლება გიჟურად ჟღერს, მაგრამ გასულ კვირას უამრავი პრესკონფერენცია ჩავატარე, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. შემდეგ ორი დღის განმავლობაში არ ჩამიტარებია და ჩემზე თქვეს, რომ რაღაც რიგზე ვერ მაქვს. ბაიდენი განცხადებას თვეების განმავლობაში არ აკეთებდა, მას ვერსად ნახავდით და არავის არასდროს უთქვამს მასზე, რომ რაღაც სჭირს. არადა ვიცით, რომ ის საუკეთესო ფორმაში არ ყოფილა. შაბათ-კვირას ძალიან აქტიური ვიყავი, მთელი კვირის განმავლობაშიც. ამრიგად, თქვენი ინფორმაცია ყალბია. სწორედ ამიტომ არ აქვს მედიას ხალხის ნდობა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მანვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების კოსმოსური სარდლობის შტაბ-ბინა კოლორადოდან ალაბამის შტატში გადავა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აშშ-ის კოსმოსური სარდლობის შტაბ-ბინა გადავა ულამაზეს ადგილას, ალაბამის ქალაქ ჰანტსვილში. გვიყვარს ალაბამა. მე ის დიდი სხვაობით მოვიგე, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ ჰქონია. კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებით ჩინეთსა და რუსეთს ძალიან ჩამოვრჩებოდით, თუმცა ახლა კოსმოსში პირველ ადგილზე ვართ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ კარიბის ზღვაში ამერიკის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნა ვენესუელიდან გასულ ნარკოტიკებით დატვირთულ გემს.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავანადგურეთ ხომალდი, რომელზეც ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი იყო. ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი შემოდის და ის შემოდის ვენესუელიდან. ამ ქვეყნიდან ბევრი სხვა რამეც შემოდის. ამრიგად, ჩვენ გავანადგურეთ ეს ხომალდით და ყველაფერს შეხვედრის დასრულების შემდეგ ნახავთ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპს პრესკონფერენციაზე, რომელიც 50 წუთს გაგრძელდა, თითქმის არ უსაუბრია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.

თუმცა განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია“ და „უკრაინაში ომზე ისეთი რამ შეიტყო, რისი გაგებაც საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება”.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები