პირველ სექტემბერს ისრაელმა ცენტრალურ ღაზაში, ალ-აქსას საავადმყოფოს მიმდებარედ, არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკი დაბომბა. ავიაიერიშებს მოჰყვა მსხვერპლი. დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.
„აქ ისხდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო ომთან. უბრალოდ ისხდნენ. გაოგნებული ვიყავი, როდესაც ამ ადგილის დაბომბვა დაიწყეს“, – აცხადებს იძულებით გადაადგილებული პალესტინელი, ჰამადა ნასერი.
ქალაქ ღაზაზე საჰაერო შეტევა გასულ კვირას მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ისრაელმა ის საბრძოლო ზონად გამოაცხადა. ქალაქის გარეუბნებსა და ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკში ამბობენ, რომ ისრაელის სამხედრო ძალები შენობებს ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონებით ანგრევდნენ.
ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პირველი სექტემბრის ავიადარტყმას ემსხვერპლა 31 მოქალაქე, რომელთაგან ნახევარზე მეტი ქალი და ბავშვია. 13 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელმა რამდენიმე მასშტაბური რეიდი ჩაატარა.
ისრაელი კვლავ აცხადებს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ მებრძოლები არიან და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში „ჰამასს“ ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, „ჰამასის“ მებრძოლები სწორედ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს აფარებენ თავს.
ადგილზე კი სულ უფრო მძიმდება ჰუმანიტარული კრიზისი. მაგალითად, ხან-იუნისში პალესტინელები უკვე რამდენიმე დღეა, ცარიელი ქვაბებით ამაოდ დგანან საკვების რიგში.
აგვისტოში გამოქვეყნებული გაეროს ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი, ანუ ღაზის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი, კატასტროფული შიმშილის ზღვარზეა, რომელთაგან ბევრი არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეული სიკვდილის საფრთხის წინაშეა.
„ჩვენ რთულ ვითარებაში ვცხოვრობთ. მიუხედავად შემოსული დახმარებისა, არც საკვებია და არც სასმელია. დახმარება საჰაერო გზით მოდის, მაგრამ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ. ვისთვის ტოვებენ მას ისრაელელები? ქურდებისთვის?“ – აცხადებს დევნილი რაფაჰიდან ნეამ ჯანემი.
პალესტინელები, რომელთაგან უმეტესობა ომის გამო არაერთხელ იყო იძულებით გადაადგილებული, ახლა ორმაგი საფრთხის წინაშე არიან – საბრძოლო მოქმედებები და შიმშილი. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის შედეგად 63,557 პალესტინელი დაიღუპა, 160,660 ადამიანი კი დაშავდა.