მთავარიკულტურა„კრემლის ჯადოქარი”- პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე

„კრემლის ჯადოქარი”- პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე

„კრემლის ჯადოქარი” – ფილმი, რომელიც პოსტსაბჭოთა რუსეთის ბნელ ზღაპარს ჰგავს, ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტია.

პრემიერაზე ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა – 10 წუთის განმავლობაში არ წყდებოდა აღფრთოვანებული მაყურებლების აპლოდისმენტები.

„კრემლის ჯადოქარი” ჯულიანო და ემპოლის ამავე სახელწოდების ბესტსელერი წიგნის ეკრანიზაციაა. იგი მოგვითხრობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ხელისუფლებაში მოსვლასა და მის მრჩეველზე ვადიმ ბარანოვზე, რომლის როლსაც პოლ დანო ასრულებს.

დიდი ალბათობით, პოლ დანოს პერსონაჟი შთაგონებულია რეალური პიროვნებით — ვლადისლავ სურკოვით, რომელიც ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

ბარანოვის პოლიტიკური აღმასვლა და სისტემა, რომლის შექმნაშიც მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – „კრემლის ჯადოქრის” მთავარი ხაზია.

თავად პუტინის როლს კი ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ ასრულებს.

„ფილმი არ შექმნილა იმისთვის, რომ კამათი გამოეწვია — ჩვენ ღრმა და მნიშვნელოვანი ისტორიის მოყოლა გვინდოდა, და რაც უფრო მთავარია, ვფიქრობ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ ეს პერსონაჟი არის ბევრად დიდი ისტორიის ნაწილი. ჩვენ არ ვცდილობდით რომელიმე კონკრეტული ადამიანის დახასიათებასა ან განსჯას… “- ამბობს მსახიობი ჯუდ ლოუ.

„კრემლის ჯადოქარი“ თანამედროვე პოლიტიკის ანარეკლია – ასე აფასებს რეჟისორი მის ნამუშევარს და განმარტავს, რომ ეს ფილმი ავტორიტარ ლიდერებზეა.

„ფილმი დიდწილად იმაზეა, თუ როგორ გამოიგონეს თანამედროვე, 21-ე საუკუნის პოლიტიკა. და ამ ბოროტების ნაწილია ვლადიმერ პუტინის მოსვლა რუსეთის ხელისუფლებაში, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ ფილმი გადავიღეთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ახლა პოლიტიკა და რამდენად საშიშ და სახიფათო მდგომარეობაში ვართ ყველა. ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულ მაგალითად ვლადიმერ პუტინის ამბავი შევარჩიეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ბევრ ავტორიტარ ლიდერს ეხება”,- ამბობს რეჟისორი, ოლივიე ასაიასი.

ფილმში აღწერილია, თუ როგორ განვითარდა პოპულიზმი 21-ე საუკუნეში და როგორ დაიბადა არა მხოლოდ დღევანდელი რუსეთი, არამედ ის სამყარო, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend