ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბულგარეთში ვიზიტისას დადებითად შეაფასა ქვეყნის თავდაცვის გეგმები, რომელთა შორის დენთისა და არტილერიის ჭურვების ახალი საწარმოო ობიექტების შექმნაც იგულისხება.
ქალაქ სოფიაში გამართულ ბრიფინგზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის თავდაცვის გაძლიერება ისეთივე პრიორიტეტია, როგორც უკრაინის მხარდაჭერა.
ფონ დერ ლაიენი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, როსენ ჟელიაზკოვთან ერთად ეწვია ქვეყნის უმსხვილეს სამხედრო საწარმოო ქარხანას და აღნიშნა, რომ პუტინის შეჩერება მხოლოდ ძლიერი შეკავების მექანიზმითაა შესაძლებელი.
My visit to the Poland-Belarus border was a demonstration of European solidarity.
A strong Poland and a strong Europe, safeguarding our borders and protecting all Europeans.
Our message is clear. And it is one that Belarus, and other actors in the region, are paying heed to.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 31, 2025
„ძვირფასო პრემიერო, რუსეთის ბარბაროსული ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეოთხე წელია გრძელდება. ცხადია, პუტინი აქ არ გაჩერდება. მისი ეკონომიკა ორიენტირებულია სრულმასშტაბიანი სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე, რომელიც ნაწილობრივ იმ მკაცრი სანქციების შედეგადაც ჩამოყალიბდა, რაც ჩვენ დავაწესეთ. ის კვლავაც გააგრძელებს სამხედრო ტექნიკის მასშტაბურად წარმოებას.
ამიტომ, როცა უკრაინის თავდაცვას ვაძლიერებთ, ჩვენც უფრო დიდ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ საკუთარი თავდაცვის მიმართ. ჩვენ ერთად შევქმენით უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც 150 მილიარდ ევროს შეადგენს ერთობლივი შესყიდვებისთვის, და ეს უპრეცედენტო სისწრაფით განხორციელდა. დღეს დიდი სიამოვნებით ვიტყვი, რომ ამ თანხის მობილიზება რეკორდულ დროში მოხერხდა. მადლობა ბულგარეთსაც, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ მექანიზმში. ახლა საჭიროა, ეს 150 მილიარდი ევრო ერთობლივ შესყიდვებში დავაბანდოთ.
როგორც ვთქვი, ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. პუტინი არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ის მტაცებელია, რომელსაც მხოლოდ ძლიერი შეკავებით შეიძლება დაუპირისპირდე. და ამიტომ, ახლა, როცა დაფინანსება გვაქვს, საჭიროა სწრაფი და კოორდინირებული მოქმედება ჩვენი თავდაცვის პოზიციების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ვიზიტი ბულგარეთში იმ ფართო ტურნეს ნაწილია, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებში ატარებს.