ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინაზე, ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში შეიკრიბნენ.
ევროპის ქვეყნების ძალოვანი მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ამასთან, კოპენჰაგენში საუბრის თემა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები და სამხედრო დახმარების საკითხები იყო.
ხუთშაბათს კრემლის არმიამ უკრაინას ასობით დრონით, მათ შორის, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.
საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
ეს თავდასხმა ერთ-ერთ უმსხვილეს იერიშს წარმოადგენდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
„ვფიქრობ, მშვიდობისკენ ორი რამეს მივყავართ, პირველი – უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაზრდა. მეორე – სანქციებისა და ზეწოლის გაძლიერება. პუტინი ნაბიჯს არ გადადგამს, თუ რუსეთზე მეტი ზეწოლა არ მოხდება, რათა მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს და საქმეს სერიოზულად მიუდგეს“, – ამბობს პოლ იონსონი, შვედეთის თავდაცვის მინისტრი.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, კი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიისთვის საუკეთესო გზა კვლავ ქვეყნის ნატოში გაწევრებაა, თუმცა რადგან ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, საჭიროა სხვა გამოსავლის მოძებნაც. „აშშ აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს გვერდით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელია“, – დასძენს ჰანო პევკური, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.