მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

მისი თქმით, კიევს კონტაქტი აქვს ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც შესაძლოა მოლაპარაკებების პლატფორმად გამოიყენონ. თუმცა უკრაინის პრეზიდენტი დასძენს, რომ ვლადიმერ პუტინი შეხვედრას გაურბის და თუ ეს ასე გაგრძელდება, მსოფლიო ლიდერებმა, განსაკუთრებით კი აშშ-მა, მოსკოვზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.

„ამ კვირაში დავუკავშირდებით თურქეთს, სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებს, რომელთა გამოყენებაც მოლაპარაკებების პლატფორმად იქნება შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან, ომის დასასრულებლად ყველაფერი მაქსიმალურად იქნება მზად. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორებმაც დაადასტურონ, ხოლო მომავალში ეს დამოკიდებული იქნება მსოფლიო ლიდერების – პირველ ყოვლისა, აშშ-ის – ნებაზე, რუსეთზე ზეწოლა დაიწყონ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი თავის მხრივ, ზეწოლას აძლიერებს რუსეთზე უკრაინული დრონებითა და რაკეტებით, რომლებიც, მისივე ცნობით, „უზუსტესად მუშაობს.”

„რუსეთი მხოლოდ იმას გვანიშნებს, რომ ის რეალური მოლაპარაკებებისგან კვლავ თავის არიდებას აპირებს. მისი პოზიციის შეცვლა მხოლოდ მკაცრი სანქციებით, ტარიფებითა და რეალური ზეწოლით იქნება შესაძლებელი. ჩვენც ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც გავლენა ექნება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჯარისკაცებს მათი თავდადებისთვის – უკრაინული დრონები და რაკეტები ნამდვილად კარგად მუშაობენ. რუსული ლოგისტიკა და საწვავის ინფრასტრუქტურა ამას გრძნობს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ორგანიზება თავდაპირველად თავის თავზე ვაშინგტონმა აიღო, თუმცა მოსკოვში რუსმა მაღალჩინოსნებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა კვლავ ეჭვქვეშ დააყენეს, რითიც მსოფლიოს მიანიშნეს, რომ ასეთი შეხვედრა მალე არ გაიმართება.

დონალდ ტრამპი უკვე საუბრობს იმ შესაძლო შედეგებზე, რომლებიც დადგება, თუ ორი კვირის ვადაში ლიდერებს შორის შეხვედრის თარიღი ცნობილი არ გახდება. განიხილება ეკონომიკური სანქციებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend