დღეს მოლდოვა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები. მათ კიშინიოვს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთიანი პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია.
„75 წლის წინ ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ომის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის შორსმჭვრეტელმა ლიდერებმა გამოიჩინეს სიმამაცე აეშენებინათ ერთიანი ევროპა,სადაც ყოფილი მეტოქეები პარტნიორებად იქცნენ. მალევე პოლონეთმა, დიქტატურის ათწლეულების შემდეგ აჩვენა, რომ თავისუფლება და დემოკრატია შეიძლება ხელახლა დაიბადოს. უკვე დღეს მოლდოვა ისტორიის ამ ნაკვალვს მიჰყვება. თქვენი ქვეყნების მსგავსად ჩვენც კარგად ვიცით,თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა, მშვიდობის და ჩვენი შვილებისთვის ღირსეული მომავლის სურვილი. ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებით ვუყურებდით საფრანგეთს,გერმანიასა თუ პოლონეთს – მათი კულტურის,დემოკრატიული ტრადიციის, გამბედაობისა თუ შეუპოვრობისთს გამო, რამაც თქვენი კეთილდღეობა განაპირობა. თქვენი აქ ყოფნა ჩვენთვის მკაფიო სიგნალია იმისა, თუ როგორ სცემთ პატივს მოლდოვასა და მოლდოველებს. ჩვენ ეს ბოლო წლებში განსაკუთრებით ვიგრძენით და კიდევ უფრო ძლიერად ვგრძნობთ დღეს. ჩვენ ოჯახში ვართ, ოჯახში კი სიხარულსა და სიძნელეებს ერთად ხვდებიან. ამ სოლიდარობისთის მადლობას გიხდით”, – აღნიშნა განცხადებაში მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
ეს კი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ემზადება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლის კამპანიაც ხვალიდან იწყება. მოლდოვაში არჩევნები იმართება რუსეთის მიმართ არაერთი ბრალდების ფონზე, რომ კრემლი, სხვადასხვა გზით, აქტიურად ცდილობს არჩევნებში ჩარევას. სწორედ მაია სანდუს პროევროპული პოლიტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად ევროპელი ლიდერების ვიზიტი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში.
„რუსეთი ყოველდღე დაუღალავად მუშაობს იმისთვის,რომ ზიანი მიაყენოს და ძირი გამოუთხაროს მოლდოვას თავისუფლებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას. მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, დღე არ გადის რუსეთის მასიური ჰიბრიდული შეტევის გარეშე. მოლდოვას დემოკრატია სამიზნეშია, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში. თავისუფალი, ღია, ლიბერალური საზოგადოებაა სამიზნეში“, -აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ზაფხულის დასაწყისში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა POLITICO-ს განუცხადეს, რომ ბლოკი განიხილავდა ქვეყნის წევრობის დაჩქარებულ პროცესს იმისათვის, რომ ქვეყანაში წაეხალისებინათ ევროკავშირის მომხრეები. ამავე გამოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი დაითანხმა, რომ არ დაადოს ვეტო უკრაინის ბლოკის წევრობას, პროცესში დინამიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მათ შორის მოლდოვისთვის. თუმცა საგულისხმოა, რომ ბუდაპეშტი ამ მხრივ კიშინიოვის მხარდაჭერას ისედაც არ გამორიცხავდა და ორბანის წინააღმდეგობა მეტწილად სწორედ კიევს ეხებოდა.
“ჩვენ გვსურს გავუგზავნოთ მოლდოველ ხალხს პატივისცემის, მეგობრობის, სოლიდარობისა და მომავლის რწმენის სიგნალი. ბევრს სურს, რომ აქ დემოკრატიამ არ იარსებოს, ჩვენ კი მოვედით გითხრათ, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია,რომ მას იქ თავისი ადგილი აქვს და უკვე არის ამ კონსტრუქციის ნაწილი. თქვენი გამბედაობის, რეფორმებისა და მოდერნიზაციის გზა უნდა გაგრძელდეს.აქედან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის აგრესიული ომი მიმდინარეობს უკრაინაში, ეს იმის შეხსენებაა, რომ მოლდოვას ევროინტეგრაცია არის არჩევანი მშვიდობისა და სამართლიანობის სასარგებლოდ. კრემლის პროპაგანდა გვეუბნება,რომ ევროპას ომის გაგრძელება სურს. ეს ტყუილია, რუსეთისგან განსხვავებით ევროკავშირი არავის ემუქრება და ამასთან პატივს სცემს თითოეული წევრის სუვერენობას. ესაა კავშირი, რომლის წევრობასაც წყვეტენ თავისუფლად, სადაც სუვერენობა დაფასებულია. ესაა კეთილდღეობისა და მშვიდობის გაერთოიანება”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
“ის,რაც ბევრის თქმით წარმოუდგენელია მოლდოვასთვის, შესაძლებელი გახდება. რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, მას ჩვენ ტკივილით ვუყურებთ აქაც და ევროპის სხვა ნაწილშიც. ამიტომაც ვმუშაობთ ერთად, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში საკვანზო საკითხია, მოლდოვამ კი როგორც ქვეყანამ ეს ძალიან ღრმად გამოსცადა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინაარმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. პოლონეთიც თქვენს მსგავსად პირდაპირი საფრთხის ზონაშია, ამიტომაც ვართ მზად უზრუნველვყოთ დახმარება მომავალშიც. თქვენ ისტორიის სწორ მხარეს დადექით, იმის მიუხედავად, თუ რამხელა მსხვერპლსა და სიმამაცეს მოითხოვდა ეს”,– აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.