მთავარიაზიაისრაელიისრაელში ასიათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა

ისრაელში ასიათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა

ისრაელში ასიათასობით მოქალაქემ მასშტაბური აქცია გამართა. დემონსტრანტებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს და ხელისუფლებას მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც მათი თქმით, ხელს შეუწყობს ღაზაში მყოფი ტყვეების გათავისუფლებას.

მძევლებისა და დაკარგულთა ოჯახის ფორუმმა ეს დღე „ეროვნული ბრძოლის დღედ“ გამოაცხადა.

თელ-ავივში შეკრებილებს სიტყვით მიმართა გათავისუფლებულმა მძევალმა, შარონ ალონი კუნიომ. მისი თქმით, შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა მის სისრულეში მოყვანას ისრაელის მთავრობა აჭიანურებს.

„არის წინადადება, რომელზეც ,,ჰამასი“ უკვე დათანხმდა. ამერიკელებსაც: სურთ მძევლების გათავისუფლება გვეუბნებიან, რომ ახლა შეთანხმებაზე უნდა წავიდეთ. თითოეული თქვენგანი, ვინც დღეს მოედანზეა, თუ სხვაგან – ყველა იზიარებს ჩვენს მოწოდებას – უნდა დაბრუნდნენ გადარჩენილი მძევლები“, – ამბობს „ჰამასის“ ყოფილი მძევალი შარონ ალონი კუნიო.

აქციაში მონაწილე გილ იასურმა კი აღნიშნა:

„ვიმედოვნებ, რომ ერთხელ მაინც ეს მთავრობა სწორ ნაბიჯს გადადგამს. აქ ვართ რათა ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ, რათა ხმა ავიმაღლოთ. სდეროტიდან, ღაზის საზღვართან ახლო მდებარე ქალაქიდან, სპეციალურად ჩამოვედი, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა – ეს ომი უნდა დასრულდეს და მძევლები სახლში უნდა დაბრუნდნენ.“

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა 251 ადამიანი გაიტაცა. მათი უმეტესობა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში უკვე გათავისუფლდა, ისრაელმა კი მხოლოდ რვა მძევლის გადარჩენა შეძლო. ამჟამად ღაზაში 50 მძევალია, ისრაელის ოფიციალური პირების ვარაუდით 20 მათგანი ცოცხალია.

პარალელურად, ღაზაში სამხედრო ოპერაცია გრძელდება.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ისრაელის თავდასხმებს 62 819 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვია. ამავდროულად ღაზაში, სადაც ომი თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია და ხალხი შიმშილით იხოცება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend