ამერიკის შეერთებული შტატები აზიაში მოკავშირეებს აძლიერებს. სამხრეთ კორეაში დაწყებული მანევრები ყოველწლიური სამხედრო წვრთნების – „თავისუფლების ფარის“ ნაწილს წარმოადგენს. სამხრეთ კორეაში ამერიკას სოლიდური სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავს. ხშირია ერთობლივი სამხედრო მანევრებიც. ამჯერად კი კორეის არმიის მე-7 საინჟინრო ბრიგადა აშშ-ის არმიის სამხედროებთან ერთად სპეციფიკურ ამოცანებში ჩაერთვნენ. ამფიბიური ოპერაციებისას წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა მდინარეზე ე.წ. პონტონური ანუ მოტივტივე ხიდი ააგეს და წყლის ბარიერის გადალახვაში ივარჯიშეს.
„დღევანდელი წვრთნა წარმოაჩენს აშშ-სა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის არმიებს შორის ურთიერთობას და ჩვენს კავშირს აძლიერებს. წყლის ბარიერის გადაკვეთა ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ამოცანაა, რომელსაც ერთობლივად ვასრულებთ. დღეს ეს საბრძოლო გარემოსთან მასქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში შევასრულეთ“, – ამბობს აშშ-ის არმიის ოფიცერი ვიცე-პოლკოვნიკი შონ მ. კუკი.
გარდა სამხრეთ კორეაში მანევრებისა აქტიური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ინდონეზიაში. ამ სწავლებებში აშშ-სა და ინდონეზიის გარდა ათი სხვა ქვეყნის სამხედროებიც არიან ჩართულნი. მსგავსი წვრთნები ჯაკარტაში 2009 წლიდან ტარდება. მონაწილეთა ჩამონათვალი 2022 წლიდან გაიზარდა. დაემატა ავსტრალია, იაპონიას, სინგაპურს, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, კანადას, გერმანიას, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ბრაზილია და სამხრეთ კორეა, რითაც წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცთა რაოდენობა 6,500-მდე გაიზარდა. ინდონეზიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდლის მოადგილემ გენერალმა ტანდიო ბუდი რევიტამ, სწავლების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე აღნიშნა:
„დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები სულ უფრო რთულდება — ბუნებრივი კატასტროფებიდან კიბერ-საფრთხეებამდე, რეგიონული დაძაბულობიდან გლობალურ გაურკვევლობამდე. Super Garuda Shield 2025 არის ერთობლივი წვრთნა, სადაც ჩვენ ერთად ვართ რათა სწრაფად და ზუსტად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას”.
აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის მეთაურმა ადმირალი სამუელ პაპარომ კი შეკავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ეს წარმოადგენს ერთგულებას — პარტნიორობისადმი ერთგულებას. ერთგულებას თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ ურთიერთპატივისცემის ჭრილში. ეს ნიშნავს ყველა იმ ადამიანის შეკავებას, ვისაც სურს ადგილზე სიტუაციის შეცვლა ძალადობის გზით. ყველა მონაწილეს კოლექტიური მტკიცე გადაწყვეტილება აქვს, დაიცვან სუვერენიტეტის პრინციპები“, – თქვა ადმირალმა.
ინდონეზიაში გამართული წვრთნების გამო ჩინეთმა შეშფოთება გამოთქვა და აშშ აზიური ნატოს შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. სინგაპურში ბოლო გამოსვლისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ინდო წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო კავშირებს აძლიერებს.