25 აგვისტოს, ოვალურ კაბინეტში მედიასთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და NATO-ს ლიდერებს უმასპინძლა.
დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინის ალასკაში ჩასვლა დიდი კომპრომისი იყო და ნიშანი იმის, რომ მას ომის დასრულება სურს.
„პრეზიდენტ პუტინთან ყოველი საუბარი კარგი საუბარია. შემდეგ კი, სამწუხაროდ, კიევში ან სადმე სხვაგან ბომბი ვარდება და ამის გამო ძალიან ვბრაზდები. ვფიქრობ, ომს დავასრულებთ, თუმცა რთულია. მეგონა, ყველა სხვა კონფლიქტს შორის ეს ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა. თუმცა არასდროს იცი, რა მოხდება. ომში ხარ და ომში უცნაური რაღაცები ხდება. ის ფაქტი, რომ პუტინი ჩვენს ქვეყანაში, ალასკაში ჩამოვიდა, მნიშვნელოვანი განცხადება იყო. მისთვის ეს მარტივი არ იყო, თუმცა ჩამოსვლამ აჩვენა, რომ სურს საკითხის გადაჭრა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას დაგეგმავდა. თუმცა კრემლში რუსმა ოფიციალურმა პირებმა მედიას მიანიშნეს, რომ ასეთი შეხვედრა მალე არ შედგება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არიდებს თავს პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას, ტრამპმა განაცხადა, რომ მას ის არ მოსწონს.
„როგორ ფიქრობთ, ასე რატომ ერიდება პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას?“ – ჟურნალისტის შეკითხვა დონალდ ტრამპს.
„იმიტომ, რომ ის არ მოსწონს. არ მოსწონს, გესმით? ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არ მომწონს. არ მიყვარს მათთან შეხვედრა. ზოგჯერ მოსწონთ შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მოსწონთ – პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის ერთმანეთი არ მოსწონთ“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ თუ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრის თარიღი არ დაინიშნება, „განსხვავებული გზის არჩევა მოუწევს“.