მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის წარმატებული სამხედრო ოპერაციები

უკრაინის წარმატებული სამხედრო ოპერაციები

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გავრცელებულ კადრებში პირველად გამოჩნდა კიდევ ერთი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა – „გრძელი ნეპტუნი“.

უკრაინის შეიარაღებული ძალები 1000 კილომეტრ მანძილზე მოქმედ რაკეტებს უკვე იყენებენ რუსული სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად, ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.

მაგალითად, 15 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის უწყება წერდა, რომ კიევმა იერიშების დროს „ჰაიმარსებთან“ ერთად „ნეპტუნებიც“ გამოიყენა. ეს უკვე მეორე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებაა, რომლის შესახებ ინფორმაციაც უკრაინულმა მხარემ გაასაჯაროვა.

დამოუკიდებლობის დღეს სწორედ შორი მოქმედების შეიარაღებით, თუმცა ოფიციალური ცნობებით ამ შემთხვევაში დრონებით, წარმატებული იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქში მორიგ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

დასტურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვიდეოც გამოაქვეყნეს. მნიშვნელოვანი სიახლეებია ფრონტის ხაზზეც. ყველაზე რთულ მიმართულებაზე, დონეცკის ოლქში, უკრაინელმა სამხედროებმა კვლავ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.

დასახლებების პოკროვსკის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით, აქტიური თავდაცვითი ოპერაციების პარალელურად, უკრაინელი სამხედროები შეტევაზეც გადადიან. ამ ფაქტს ადასტურებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი წერს:

„ვესაუბრე სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დიდი ხანია პოკროვსკის დაცვას ამაგრებენ და მტრის ძალების თავდასხმებს იგერიებენ. მოვისმინე სამხედრო დანაყოფების მეთაურების ანგარიშები ოპერატიული ვითარების შესახებ. სიტუაცია მართლაც რთულია, მტერმა ძირითადი ძალისხმევა ფრონტის ამ მონაკვეთზე მიმართა. მაგრამ ჩვენ თავდაცვის ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის აღჭურვილობის საკითხები მოგვარებულია. ჩვენმა ჯარებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა და დონეცკის ოლქის სოფლები – მიხაილივკა, ზელენი გაი და ვოლოდიმირივკა – მტრისგან გაწმინდეს“.

კიდევ ერთი გათავისუფლებული დასახლების შესახებ იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველო. ძალოვანი უწყება ვიდეოკადრებსაც ავრცელებს და ამტკიცებს, რომ განადგურდა რუსული ასეულის დონის ქვედანაყოფი. შედეგად, ლიმანთან ახლოს მორიგი დასახლება დაიბრუნეს უკრაინელმა სამხედროებმა. გარკვეული წინსვლა ჰქონდათ რუს სამხედროებსაც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლის არმიამ ხარკივის მიმართულებით წინ წაიწია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთ დღეში 159 საბრძოლო დაპირისპირება დაფიქსირდა ფრონტის ხაზზე. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანის მიმართულებით 20, კუპიანსკის მიმართულებით 10, ხოლო პოკროვსკის მიმართულებით 46 რუსული იერიში მოიგერიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend