კანადა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების სახით, 2 მილიარდ კანადურ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კიევში ჩავიდა.
„უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ კანადურ დოლარს გამოვყოფთ. აქედან 800 მილიონი მოხმარდება უკრაინის არსენალის გაძლიერებას, ისეთი თავდაცვითი აღჭურვილობის შესაძენად, როგორებიცაა დრონები, საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა. დისკუსია გვქონდა ამ დახმარების მიზნობრიობის შესახებ. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ვამაყობთ, რომ ვართ პირველი არაევროპული ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს ამ დახმარების პროგრამაში“, – აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი.
კანადის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანადა უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავს.
მარკ კარნისთან შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც მოსკოვმა კიევი დასავლეთ კურსკის რეგიონში ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი მალევე ჩააქრეს და რადიაციის დონე ნორმალურ ნიშნულზე შენარჩუნდა. მომხდარზე კიევს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ცერემონიას დაესწრო უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგიც, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ღირსების ორდენი გადასცა.
დამოუკიდებლობის დღეს უკრაინაზე რუსეთმა 72 დრონითა და ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ 48 მათგანი ჩამოაგდეს.