უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, 2026 წლიდან ქვეყნის საჯარო სკოლებში ყველა მოსწავლისთვის კვება უფასო გახდება.
მისი განმარტებით, რეფორმისთვის უკრაინის განათლებისა და მეცნიერების, ასევე ფინანსთა მინისტრებს მიეცათ შესაბამისი დავალება, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მოსაძებნად.
იულია სვირიდენკო ამბობს, რომ უფასო კვების პროგრამის პირველი ეტაპი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება და უკრაინის ცხრა ფრონტისპირა რეგიონის მე-5-მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეხებათ. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი არის 780 მილიონი ჰრივნა, რაც თითქმის 19 მილიონი დოლარის ეკვივალენტია და მას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო.
განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას, იულია სვირიდენკომ ასევე თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება განიხილავს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის გადახედვასაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, აქტიური მუშაობა გაგრძელდება განათლებისა და მეცნიერების მიმართულების გაუმჯობესებაზე.
