მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ამერიკულ საწარმოზე სარაკეტო იერიში მიიტანა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ამერიკულ საწარმოზე სარაკეტო იერიში მიიტანა

მაშინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ ვლადიმერ პუტინს სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში შეხვედრა, უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშები გრძელდება.

18 აგვისტოს, თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1000-ზე მეტი შორ მანძილზე მოქმედი დრონი და რაკეტა გაუშვა.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსებმა იერიში მიიტანეს ელექტრომოწყობილობების მწარმოებელ ამერიკულ საწარმოზე, რაც, მისი თქმით, უკრაინაში ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ მოსკოვის მიზანმიმართული ბრძოლის მაგალითია.

„მუკაჩევოში რუსებმა ფაქტობრივად დაწვეს საწარმო, სხვათა შორის, ელექტრომოწყობილობების მწარმოებელი ამერიკული საწარმო. საუბარია საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობებზე – არაფერი სამხედრო. რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად ურტყამდნენ და ეს იყო სარაკერო დარტყმა. გვჯერა, რომ ეს მიზანმიმართული იყო კონკრეტულად ამერიკულ ქონებაზე, უკრაინაში ამერიკულ ინვესტიციებზე. საჩვენებელი და მასშტაბური იერიში მაშინ, როდესაც მსოფლიო რუსებისგან მკაფიო პასუხს ელოდება – პასუხს ომის დასრულებისთვის საჭირო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლს არანაირი სურვილი არ გამოუვლენია ამ ომის დასასრულებლად.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას და გაიმეორა, რომ უკრაინამ მხოლოდ თავდაცვაში ყოფნა უნდა შეწყვიტოს.

„რუსეთიდან წამოსული გზავნილები, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ უხამსი იყო. ისინი შეხვედრის ჩატარებისთვის თავის არიდებას ცდილობენ. მათ არ სურთ ომის დასრულება. ისინი აგრძელებენ მასშტაბურ თავდასხმებს უკრაინაზე და ფრონტის ხაზზე. პუტინს მხოლოდ ძალისა და ზეწოლის ენის ესმის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად. აშშ-ის პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის მიზნით არ უნდა გაკეთდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრის თარიღი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ცნობილი გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend