6 400-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 100 სხვადასხვა მოდიფიკაციის საბრძოლო საფრენი აპარატი და 7 საბრძოლო ხომალდი – ეს ჩამონათვალია იმ ძალებისა, რომლებიც ალასკასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში ჩაერთვნენ. წვრთნებში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა სახეობა იღებს მონაწილეობას და წვრთნებიც სხვადასხვა კომპონენტს გულისხმობს, მათ შორის, კიბეროპერაციებს. დიდი ძალებით არიან ჩართულნი კანადის სამეფო საზღვაო და საჰაერო ძალებიც. ისინი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ასრულებენ სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს.
საზღვაო მანევრებში მონაწილეობს ამერიკული ავიამზიდი „USS Abraham Lincoln“, გამანადგურებელთა ესკადრილია და მათ შორის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საზღვაო ხომალდები.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა წვრთნების შესახებ, სადაც სწავლების ხელმძღვანელის, აშშ-ის საზღვაო ძალების ბრიგადის გენერალ რიკ გუდმანის კომენტარია.
„ჩრდილოეთის კიდე 2025“ თავს უყრის მრავალპროფილურ შესაძლებლობებს მაღალტექნოლოგიურ საბრძოლო მოქმედებებში, რაც უზრუნველყოფს მზადყოფნას შეკავებისთვის… და მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. დამატებით, ეს სწავლება საშუალებას აძლევს გაერთიანებულ ძალებს შეიმუშაონ საბრძოლო და უზრუნველყოფის ამოცანები, განსაკუთრებით აქ, ალასკაში. მიზანია ინდო–წყნარი ოკეანის სარდლობასა და ჩრდილოეთის სარდლობას შორის უწყებათშორისი კოორდინაცია და მართვა. ეს ხაზს უსვამს ალასკის, როგორც სამშობლოს თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტის მნიშვნელობას, ასევე რეგიონში კონფლიქტის შემთხვევაში ძალების წარმოდგენის მნიშვნელობას“, – ამბობს გენერალი რიკ გუდმანი.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ სწავლება „ჩრდილოეთის კიდე“ დაემთხვა ამავე რეგიონში მიმდინარე სწავლებას, რომლის დასახელებაც არის „არქტიკის კიდე 2025“. ეს სწავლება აშშ-ის ჩრდილოეთის და აეროკოსმოსური თავდაცვის სარდლობების მიერ ტარდება. ორი სხვადასხვა შინაარსის მანევრი კი მთლიანად მოიცავს ალასკის რეგიონს – ალეუტის კუნძულების ჩათვლით. აშშ-ის საჰაერო ძალების წყნარი ოკეანის სარდლობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:
„წვრთნები იძლევა შესაძლებლობას ჩატარდეს მრავალპროფილური ოპერაციები, რომლის მიზანიც არის ძალების მაღალი ხარისხის და რეალისტური საბრძოლო მომზადება, ასევე უწყებათაშორისი თავსებადობისა და მონაწილე ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება. წვრთნები წარმოაჩენს აშშ-ის ერთგულებას რეგიონის მიმართ — თავსებადობის გაძლიერებით, საერთო ინტერესების წინ წაწევით და მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი ერთგულებით — თავისუფალი და ღია ინდო–წყნარი ოკეანის უზრუნველყოფის საქმეში. წლევანდელი წვრთნა ასევე წარმოაჩენს აშშ-ის შესაძლებლობას დაიცვას სამშობლო, როგორც ალასკიდან, ისე ალასკის მიმდებარე ტერიტორიიდან”.
აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალები, საზღვაო ქვეითთა კორპუსი, არმია, რეზერვი და ეროვნული გვარდია კანადელ პარტნიორებთან ერთად მასშტაბურ სამხედრო მანევრებში მონაწილეობას აგვისტოს ბოლომდე მიიღებენ.
საინტერესო ფაქტია, რომ სწავლების დაწყება დროში დაემთხვა ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულებას.