ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის შესაჩერებლად. უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს მოკავშირეებს, განიხილონ მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესება, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი მშვიდობის მიმართ ინტერესს არ გამოავლენს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც კიევში ვიზიტით იმყოფება. მარკ რუტეს განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე ისაუბრეს, რომელიც, მისივე თქმით, უნდა ჰგავდეს ნატოს წესდების მე-5 მუხლს, კოლექტიური თავდაცვის შესახებ. გენერალური მდივანი ორი ფაზისგან შემდგარ პროცესზე საუბრობს, რომელმაც უკრაინა მშვიდობასთან უნდა დააახლოვოს. რაც შეეხება პუტინი-ზელენსკის შეხვედრას, კიევი კვლავ მოსკოვის მოლოდინშია, თუმცა კრემლი თარიღისა დათქმას არ ჩქარობს და ახალ-ახალი წინაპირობებით გამოდის.
„რუსეთი ახლა შეეცდება სხვა გზებს მიმართოს, რათა თავიდან აირიდოს შეხვედრა. საქმე კი მხოლოდ შეხვედრაში არაა, საქმე იმაშია, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ. შეხვედრა კი ომის დასრულების პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. და რადგან მათ ამის სურვილი არ აქვთ, მოქმედების სივრცეს ეძებენ. ჩვენ მათ ეს სივრცე უნდა შევუმციროთ, ეს ამერიკამ და ევროპამ უნდა გააკეთონ. უნდა ვაიძულოთ, ჩაერთონ დიპლომატიაში. გვჭირდება ძლიერი სანქციები იმ შემხთვევაში, თუ რუსეთი არ დათანხმდება ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას”, -აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„როდესაც ორმხრივი შეხვედრის დრო დადგება, იცოდეთ რომ უკრაინის მეგობრები თქვენ გვერდში იდგებიან, იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ გარიგებით რუსეთი ვეღარასდროს წაიღებს უკრაინის ერთ კილომეტრსაც კი. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ორ დონეს მოიცავს. პირველ დონეზე, ფაქტობრივად, სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადგენაა, ან ორივეს კომბინაცია. ამიტომ, პირველი დონე გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურად გაძლიერებას, რათა მათ ნებისმიერ სირთულეს გაუძლონ. მეორე კი ევროპისა და აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილ უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს”, – ამბობს მარკ რუტე.
