მთავარიმსოფლიოქვეყნები, სადაც შესაძლოა, ზელენსკი და პუტინი შეხვდნენ

ქვეყნები, სადაც შესაძლოა, ზელენსკი და პუტინი შეხვდნენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება – უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შეხვედრა იგეგმება. თუმცა კითხვა მხოლოდ ის არაა, თუ როდის, არამედ ისიც, თუ სად შედგება ეს შეხვედრა?

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა კრემლში პირისპირ მოლაპარაკებებს გაურბოდნენ. სამწელიწად-ნახევრის თავზე კი ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა შესაშური ნამდვილად არაა.

უკრაინელი ბავშვების გატაცების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერი ლიდერებს შორის შეხვედრის ადგილის ვარიანტებს ზღუდავს. სასამართლოს წევრ 125 ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტს დაპატიმრება ემუქრება. თუმცა ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ თუ მოსკოვში მშვიდობა ნამდვილად სურთ, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია.

მთავარი კანდიდატი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა. ორმხრივი შეხვედრის ჟენევაში დაგეგმვას მხარს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც უჭერს.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მიზნებისთვის, ვლადიმერ პუტინს მიიღებენ.

საკუთარი პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმაც შესთავაზა. ავსტრია სამხედრო ნეიტრალური ქვეყანაა, თუმცა შვეიცარიის მსგავსად, ვენაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია.

მიუხედავად ამისა, ავსტრიის კანცლერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს ვლადიმერ პუტინი, თუ ეს შეხვედრა ორ ქვეყანას ხანგრძლივ მშვიდობამდე მიიყვანს.

შეხვედრის ადგილებად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც განიხილება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს მედიატორობის არცთუ მცირე გამოცდილება აქვთ.

ოფიციალური დოჰა უკვე დიდი ხანია უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს ტყვეების გაცვლასა და გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში ეხმარება.

თუმცა მზადაა თუ არა მოსკოვი ომის რეალურად დასრულებისთვის? დარგის ექსპერტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ კრემლი უკრაინას მშვიდობის მისაღწევად შეუსრულებელ პირობებს უყენებს, რაც რუსეთს პროცესის გაჭიანურებასა და ომის გაგრძელებაში ეხმარება. ამჟამად, ვლადიმერ პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები სამშვიდობო შეთანხმებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მოთხოვნა შემდეგია: უკრაინამ უარი უნდა თქვას მთელ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე, უარი თქვას NATO-ში გაწევრების ამბიციებზე, გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო და უარი თქვას თავის ტერიტორიაზე დასავლური ჯარების განლაგებაზე.

18 აგვისტოს თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა სწორედ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე მსჯელობას ეხებოდა.

აშშ და ევროკავშირი ერთობლივად მუშაობს გეგმაზე, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას მომავალი რუსული აგრესიისგან დაიცავს. თუმცა როგორც ჩანს, კრემლში ხანგრძლივი მშვიდობა გეგმაში არც არასდროს ყოფილა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა ევროპელი ლიდერების მცდელობა, უკრაინაში უსაფრთხოების მექანიზმებზე რუსეთის გარეშე იმუშავონ. მისი თქმით, კრემლი საკუთარ ლეგიტიმურ ინტერესებს აუცილებლად დაიცავს.

მოსკოვის რეალური განზრახვები უკვე ნათელი ხდება და იცვლება ვაშინგტონის ტონიც. გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე, რაც რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ბედს კიდევ უფო ბუნდოვანს ხდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend