კატეგორიები

უკრაინული ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“

უკრაინული ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“

უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტის, „ფლამინგოს“ კადრები სააგენტო „ესოშეიტედ პრესმა“ გადაიღო. როდესაც გასული წლის სექტემბერში რუსეთში არსებულ ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს უკრაინელებმა ეროვნული წარმოების დრონით შეუტიეს – გამოჩნდა კიევის მოტივაცია, რომ  რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებს საკუთარი იარაღით დაარტყას. და ერთი წლის შემდეგ სამხედრო სამრეწველო კომპანია Fire Point-ი 3000 კილომეტრ მანძილზე მფრენ, სახმელეთო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს სერიულ წარმოებაში უშვებს.

„უკრაინის შეიარაღების წარმოება უდიდესი გარანტიაა არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, არამედ ევროპის დამოუკიდებლობისთვისაც და მთელ კონტინენტზე ევროპული უსაფრთხოებისთვის. დღეს სწორედ უკრაინა ამაგრებს  ამ ზღუდეს და შეიძლება ითქვას, რომ უზრუნველჰყოფს იმ ქვეყნების უსაფრთხოებასაც, რომლებიც უკრაინის უკანაა“, ამბობს სამხედრო სამრეწველო კომპანია Fire Point-ის მთავარი ტექნიკური ოფიცერი ირინა ტერეხი.

რამდენიმე დღის წინ უკრაინულ წყაროებში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც, როგორც აღნიშნული იყო, სწორედ ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგოს“ გაშვების მომენტია აღბეჭდილი.

უკრაინული ფრთოსანი რაკეტის საბრძოლო ნაწილი 1150 კილოგრამს იწონის. რაკეტა აღჭურვილია ავტოპილოტით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით მუშაობს. ნავიგაციისთვის გამოიყენება სისტემები, რომლებიც რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისთვის მედეგია.

„რაკეტის დაფარვის მაქსიმალური მანძილი 3,000 კილომეტრია. დადასტურებული სიზუსტე კი – 14 მეტრის ფარგლებში მერყეობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 900 კილომეტრია საათში. შესაძლებელია სიჩქარის რეგულირება, თუმცა ამ მონაცემს ვერ გავამხელ. საბრძოლო მუხტის ტევადობა ამჟამად 1,150 კილოგრამს  შეადგენს. საწყის ეტაპზე 1,000 იყო, მაგრამ მოგვიანებით, შევძელით და გავზარდეთ. რაკეტის მაქსიმალური ასაფრენი მასა კი 6 ტონაა. სტარტს იღებს მყარი საწვავის რაკეტული ამძრავით, შემდეგ კი მუშაობს ძრავით, რომელიც ჩვენი წარმოებისაა. მყარი საწვავის გამშვები ამაჩქარებელიც მთლიანად ჩვენი დამზადებულია“, – დასძენს სამხედრო სამრეწველო კომპანია Fire Point-ის მთავარი ტექნიკური ოფიცერი ირინა ტერეხი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე ქვეყნის სამხედრო წარმოება დაჩქარებული ტემპით განვთარდა. რამდენიმე დღის წინ უკრაინის სახმელთო ძალებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები ერთ-ერთი საწარმოდან, სადაც სახმელეთო დრონებს აწარმოებენ. კიევი სამხედრო ინოვაციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ომმა ქვეყანას საშუალება მისცა შექმნილი საბრძოლო პლატფორმები უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოსცადოს. იმის გამო, რომ თავდაცვის საწარმოები რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი სამიზნეებია, ბევრი მათგანი მიწისქვეშაა და სხვა ობიექტებში მალულად ფუნქციონირებენ.

კომპანია „Fire Point“-ი არამხოლოდ ფრთოსან რაკეტებზე მუშაობს. ამ საწარმოში ეწყობა დამრტყმელი დრონებიც – დღეში დაახლოებით 100 ერთეული. თითოეულის ღირებულება 55 000 დოლარია. სწორედ ასეთი დრონებით ანადგურებს უკრაინა რუსეთის სიღრმეში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა თუ სხვა სამხედრო ობიექტებს.

„FP-1 დრონის საერთო ტექნიკური მახასიათებლები დიდად არ განსხვავდება ირანული „შაჰედისგან“. რა თქმა უნდა, კონსტრუქცია სხვაა, მაგრამ ფუნქცია იგივეა – ოდნავ უფრო შორს ფრინავს, უფრო მძიმე მუხტს ატარებს და დარტყმის სიზუსტეც უფრო მაღალია. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ FP-1 შემთხვევით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეჯახებოდა. სიზუსტე და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ამოცანების დაგეგმვისას. თანაც „შაჰედზე“ ხუთჯერ იაფი ღირს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მდიდარი არ არის და ფინანსურად დიდწილად პარტნიორებზეა დამოკიდებული“, – ამბობს სამხედრო სამრეწველო კომპანია Fire Point-ის მთავარი ტექნიკური ოფიცერი ირინა ტერეხი.

უკრაინის მთავრობა ამჟამად შიდა მწარმოებლებისგან წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის შეიარაღებას იძენს. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით ინდუსტრიას სამჯერ მეტი მოცულობის შესაძლებლობა აქვს. რუსეთის სიღრმეში იერიშები კი მნიშვნელოვანია, რადგან ეს კრემლის მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ტემპს მნიშვნელოვნად ამცირებს.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ
სხვა ამბები