უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის დასახლება პოკროვსკის ჩრდილოეთით, დასახლება დობროპილიას ფლანგზე სიტუაციის სტაბილიზების ამოცანებს აგრძელებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარია რამდენიმე კვირის წინ ფრონტის ამ მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო არმიის წინსვლის შედეგად დაკავებული დასახლებების გათავისუფლების შესახებ.
ძალოვანი უწყების ცნობით, ფრონტის ამ ხაზზე მას შემდეგ, რაც უკრაინამ დამატებითი ძალები გადაისროლა, ოთხი აგვისტოდან დღედმდე ლიკვიდირებულია ათას ასზე მეტი რუსი სამხედრო და გათავისუფლდა ექვსი დასახლება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით საპასუხო იერიშებში ჩართულია ქვეყნის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები მათ შორის ცნობილი სამხედრო დაჯგუფება „აზოვი“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გაანადგურეს ლოგისტიკური მომარაგების წერტილი.
უწყების ცნობით, რკინიგზის სადგურ ჯანკოისთან განადგურდა საწვავი-საპოხი მასალებით დატვირთული სარკინიგზო ეშელონი. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, ამ იერიშის შედეგად რუსეთის არმიის სამხრეთ დაჯგუფების მომარაგების პროცესი მნიშვნელოვნად გართულდა.

